"ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს, რომ რუსეთი წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ ვერ ვიქნებით ამის წინააღმდეგი"
მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ ვერ ვიქნებით ამის წინააღმდეგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს, ჩინეთმა არა სამშვიდობო ძალისხმევაში შუამავლობა შეასრულოს, არამედ სურს, რომ პეკინმა მოსკოვზე ზეწოლა განახორციელოს, რათა მას ომის დასრულება აიძულოს.
„ჩინეთს თუ სურს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი არის ამ მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფო. მე ვისურვებდი, რომ მათ მედიატორული როლი კი არ შეასრულონ, მე ვისურვებდი, რომ მათ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლა შეძლეს იმის გამო, რომ კიევის მოკავშირეებმა მას შეუზღუდეს დასავლური იარაღის გამოყენება და მისი ძალები კიდევ ელოდებიან იარაღის მიწოდებას.
„ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველა იარაღის გამოყენება, რომელიც გვჭირდება მტრის შესაჩერებლად“, – აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მუშაობს, რათა მიიღოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დასავლური იარაღით დარტყმების განსახორციელებლად.
„სამწუხაროდ, ჩვენს პარტნიორებს ჯერ კიდევ ეშინიათ ამის“, – თქვა უკრაინის ლიდერმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია