აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა.
როგორც „ბიბისი“ წერს, საიდუმლო სამსახურის ახალ შიდა ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის 13 ივლისს, პენსილვანიის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის არასათანადო კომუნიკაციამ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან გაართულა მათი აგენტების მუშაობა, ასევე, გამოვლინდა რამდენი აგენტის „დაუდევრობა“, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევა.
ანგარიშში აღწერილია „კომუნიკაციის ნაკლოვანებები“ სხვადასხვა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სააგენტოს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ტრამპის დაცვაზე.
დოკუმენტიდან ირკვევა რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა იცოდა უსაფრთხოების იმ რისკების შესახებ, რომლებსაც წარმოადგენდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიერ მიტინგის ჩასატარებლად შერჩეული ადგილი.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქ ბატლერის ადგილობრივმა პოლიციამ, რომელიც ღონისძიების დაცვაში იყო ჩართული, არ გამოიყენა საიდუმლო სამსახურის აგენტების დამატებითი რადიოსიხშირე, ამიტომ პოლიციელებმა ვერ მიიღეს სრული ინფორმაცია.
„ეს განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა ტრამპის დაცვისთვის, რომელიც არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად კონცენტრირებულნი იყვნენ შტატისა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თავდასხმის წინა წუთებში საეჭვო პირის ძებნაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში ასევე მიუთითებს სხვა ნაკლოვანებებზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ შენობის სახურავზე, სადაც მსროლელი იმყოფებოდა, წინასწარ არ იყო განთავსებული დაცვა, ხოლო სამართალდამცავებს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე შენობის მეორე სართულზე, არ ჰქონდათ კომუნიკაცია საიდუმლო სამსახურის აგენტებთან.
აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სამსახურის ანგარიში არ არის დასახელებული ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი პირები. თუმცა, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რონალდ როუმ ჟურნალისტებს უთხრა, შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე აგენტი ტრამპზე თავდასხმის დროს „არ იყო სათანადოდ მობილიზებული“ და ამ აგენტების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
„ეს სასჯელი გამოყენებული იქნება ჩვენი დისციპლინარული პროცესის შესაბამისად“, – თქვა როუმ, თუმცა უარი განაცხადა დეტალების გამჟღავნებაზე.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე მოუწოდა კონგრესს, გამოყოს მეტი სახსრები ამ უწყებისთვის, რათა მან უკეთ დაიცვას სახელმწიფოს პირველი პირები.
ცნობისთვის, 13 ივლისს პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხისტი კრიტიკა და ამ უწყების დირექტორის გადადგომა მოჰყვა.
სიახლეები
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი
- „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
- საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა