ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
ისრაელის არმიამ დღეს, 18 ივნისს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ირანში დაბომბეს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ობიექტი და თეირანში მდებარე ცენტრიფუგების ქარხანა.
ცენტრუფუგა ურანის გამამდიდრებელი დანადგარია, რომელიც გამოიყენება როგორც ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებისთვის, ისე ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
ისრაელის არმიის თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობდა სამხედრო-საჰაერო ძალების 50-ზე მეტი გამანადგურებელი.
ირანის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ დაბომბა თეირანთან მდებარე რაკეტების ქარხანა და სამხედრო უნივერსიტეტის შენობაც. საჯარო წყაროების თანახმად, ამ სასწავლებელში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მომავალ წევრებს ამზადებენ.
ირანზე მორიგი დარტყმის წინ ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა გაფრთხილება თეირანის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ.
გასულ ღამით სარაკეტო შეტევა იყო ისრაელზეც. წინასწარი მონაცემებით, ირანმა სულ მცირე 25 რაკეტა და 10-ზე მეტი დრონი გამოიყენა. ისრაელის მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ცენტრალურ რაიონებში.
ისრაელის არმიის მსგავსად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაც გაავრცელა გაფრთხილება თელ-ავივიდან ევაკუაციის საჭიროების შესახებ.
- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
- ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის(ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის მთავრობის მიერ 18 ივნისს, დილით განახლებული მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი