ისრაელმა დაადასტურა ირანთან ცეცხლის შეწყვეტა
ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 24 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის მიზნები მიღწეულია და ისრაელის მიერ განეიტრალებულია საფრთხე, რომელიც მის არსებობას ემუქრებოდა ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების გამო.
ნეთანიაჰუმ დღეს თავისი კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ისრაელმა ყველა მიზანს მიაღწია. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელი ძალის გამოყენებით უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევას.
ნეთანიაჰუმ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს.
ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იუწყება ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 24 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და მხარეებს სთხოვა, ამ რეჟიმს ნუ დაარღვევენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 23 ივნისს, დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".
24 ივნისს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უკვე ამოქმედების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. ქალაქ ბეერ-შევაში 4 ადამიანი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დილით ისრაელმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ რაიონზე ირანის გილანის პროვინციაში, სადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დანგრეულია ოთხი სახლი.
სიახლეები
- „ლელო“, იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც” – ხვიჩია
- ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
- “ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა” – ზარქუა
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- “ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” - კახა კალაძე