"პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „პუტინის რეჟიმი ნგრევას იწყებს: რუსეთის პრეზიდენტი სისუსტის ნიშნებს ამჟღავნებს, კრემლს ბზარები გაუჩნდა“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი), რომელშიც კომენტირებულია რუსეთის მმართველ ელიტაში ახლახან მომხდარი დრამატული მოვლენები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთში ბოლო დროს რამდენიმე სკანდალური ამბავი მოხდა: 7 ივლისს მკვდარი იპოვეს ფედერალური მთავრობის მაღალჩინოსანი - რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი რომან სტაროვოიტი, რომელმაც, როგორც ირკვევა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თავის მოკვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. იმავე დღეს რუსეთიდან საკუთარი თვითმფრინავით თურქეთში გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი, კონსტანტინ სტრუკოვი. რა ხდება რუსეთში?
ის ხდება, რომ პრეზიდენტ პუტინის ხაზინა სწრაფად ცარიელდება: „შავი ოქროს“ - ნავთობის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავლები, რომლისგანაც რუსეთის არმია იკვებება, სულ უფრო მცირდება. კრემლის მითი „რუსეთის რკინისებური გამძლეობის“ შესახებ ინგრევა.
დასავლეთში ბევრი ვარაუდობს, რომ ევროპა, თითქოსდა, 1939 წელშია დაბრუნებული; თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი - ვლადიმერ პუტინი უკრაინას ამჯერად აღმოსავლეთიდან უტევს, ევროპული ქვეყნები კი, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, სრულიად არ არიან მზად, აგრესორს წინ აღუდგნენ.
მაგრამ უფრო მიზანშეწონილი იქნება ვთქვათ, რომ რუსეთში ამჟამად 1934 წელი დგას. სწორედ იმ დროს, 90 წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ, მოკლული იქნა სერგეი კიროვი, საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი-ბოლშევიკი. მკვლელი ლეონიდ ნიკოლაევი და მისი თანამზრახველები 30 დღეში საჩვენებელ პროცესზე გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. კიროვის მკვლელობით ისარგებლა იოსებ სტალინმა და ცნობილი მოსკოვური პროცესები წამოიწყო (ზინოვიევის, კამენევის, რადეკის, ბუხარინის და სხვების სასამართლოები), რითაც საფუძველი ჩაუყარა „დიდ წმენდას“ და თავის ყოფილ თანამებრძოლ-თანამზრახველებს ბრალი დასდო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში.
დღევანდელ დღესთან პარალელები აშკარაა. „მმართველობის სისტემა“ იგივეა, რომელსაც თან მსგავსი მოვლენები ახლავს. თითქმის ორი წლის წინათ ევგენი პრიგოჟინი, დაქირავებულ მებრძოლთა ორგანიზაცია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი და ვლადიმერ პუტინის ახლოს მდგომი პიროვნება, იდუმალ ვითარებაში დაიღუპა მას შემდეგ, რაც მან გაბედა და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლა სცადა.
მოკლედ რომ ვთქვათ, „სისტემას“, როგორიც უნდა იყოს, არ შეუძლია გონივრულად გადაწყვიტოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია, საბიუჯეტო თანხების განიავება, ქონების უკანონო ფლობა და ა.შ. – „სისტემა“ არ ცნობს კანონის უზენაესობას. ამის ნაცვლად ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენება ღია, დაუფარავი ბანდიტიზმი, რომლის დროსაც იმარჯვებს ყველაზე ძლიერი ბანდა ან კლანი.
მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით შევხედოთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას ამჟამინდელი, ყველაფრის შთანთქმელი ქაოსის პირობებში. რუსეთის პრეზიდენტის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკვე მე-4 წელია გრძელდება, დანაკარგები მოკლულებისა და დაჭრილების სახით თითქმის მილიონს აღწევს და ყოველდღიურად ათასი ერთეულით იზრდება. საინტერესოა ფაქტია: რუსი დედები, რომლებმაც ავღანეთის ომის დროს სულ რაღაც 30 ათასი დაღუპულისათვის ხელი შეუწყეს საბჭოთა სისტემის დანგრევას, ბოლო დრომდე ჩუმად იყვნენ და მხოლოდ ახლა დაიწყეს გააქტიურება.
ამასობაში კი რუსეთის ლიდერს ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ჯარისკაცის „ყიდვამ“ მოუწია და იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა, რომ რუსეთის არმიას ახალწვეულები არ ჰყოფნის, „ხორცსაკეპის“ „ნედლეულისათვის“.
ის, რომ ვლადიმერ პუტინმა უარყო ირანელი აიათოლას ვედრება, დახმარების გაწევის თაობაზე აშშ-სთან და ისრაელთან შეტაკების დროს, კიდევ ერთი რეალური სიმპტომია იმისა, რომ რუსეთს მთლიანად აქვს ყურადღება მიპყრობილი უკრაინაზე.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინს, პრაქტიკულად, ჩაეშალა საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენის მიზნები, ახლა უეჭველად მოვიდა დრო, რომ დასავლეთმა რუსეთის ჯარს დაახევინოს და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარება უზრუნველყოს.
სამწუხაროდ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თვალთმაქცურად ეპირფერებიან და ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას ჰპირდებიან. ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი თავისი ლაურეატობის შანსებს საფრთხის წინაშე არ დააყენებს და კვლავ გააგრძელებს სამშვიდობო მცდელობებს.
ასევე სამწუხაროა, რომ ნატოს ჰააგის სამიტის შემდეგ, როცა ალიანსმა თავდაცვის ხარჯების რადიკალური ზრდის განცხადება მიიღო, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ძირითად ყურადღებას ისევ შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას უთმობს.
იმედი უნდა გვქონდეს, რომ „ევროპის მეფობის“ მსურველს ემანუელ მაკრონს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ორდღიანი ისტორიული ვიზიტით არის ჩამოსული, ჩვენი მეფე ჩარლზი როცა შეხვდება, კირ სტარმერთან ერთად, ორივეს „ჭკუას ასწავლის“ და შთააგონებს, რომ ნატო გააძლიერონ. მხოლოდ ძალის გამოჩენა აიძულებს და დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანხმდეს.
სიახლეები
- „ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ბოლო ფაზაშია" - ნინო კალანდაძე
- “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”