მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. 21 ივლისს შუაღამის შემდეგ, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხით ვრცელდებოდა ცნობები დრონების „ჩამოგდების“ და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე სპეციალისტების მუშაობის“ შესახებ.
ამ ცნობების მიხედვით, საუბარია 15-მდე უპილოტო საფრენ აპარატზე.
მოსკოვის მერმა დაასახელა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილი, დასახლება კიევსკი, რომელიც ქალაქ მოსკოვის ტროიცკის რაიონში მდებარეობს. სობიანინის თანახმად, სერიოზული დაზიანებები არ არის და არავინ დაშავებულა. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
მოსკოვის მერი დრონებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა 20 ივლისსაც.
რუსეთის ხელისუფლების თანახმად, 21 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქზეც.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თანახმად, დრონები „განადგურებულია“ ქალაქებში ნოვოშახტინსკში, ნოვოჩერკასკსა და შახტიში. სლიუსარი ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.
ამ ქალაქებში მდებარეობს არაერთი მსხვილი ქარხანა, მათ შორის საავიაციო და ნავთობპროდუქტების. უკრაინას რუსეთის მსგავსი ობიექტები, რომლებიც არმიის მომარაგების პროცესში მონაწილეობენ, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული.
21 ივლისს, როსტოვის ოლქზე დრონებით შეტევისას დაზიანდა დასახლებულ პუნქტ კამენოლომნიში მდებარე რკინიგზის სადგური.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო 26-მა სამგზავრო მატარებელმა.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის თორმეტის ნახევრიდან 21 ივლისის დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 74 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 23 - მოსკოვის რეგიონში, მათ შორის 15 უშუალოდ ქალაქ მოსკოვის მიმართულებით, 14 - კურსკის ოლქში, 12 - როსტოვის ოლქში, 10-10 - ბრიანსკის და კალუგის ოლქებში, 4 - ტულაში და 1 - ლიპეცკის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
სიახლეები
- სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო
- ხუთი დაღუპული და 15 დაშავებული – ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში
- ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს მალე აპირებს, აშშ-ში კი ევროპელ ლიდერებს ელოდებიან
- სტამბოლის პოლიციამ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა
- “ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს” - კახა კალაძე