ჰიმალაის რეგიონში შტორმს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ძლიერმა შტორმმა, რომელიც ჰიმალაის რეგიონს დაატყდა თავს, ნეპალსა და ინდოეთის მხარეში მეწყერი და წყალდიდობები გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა.
ნეპალის ეროვნული კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის სააგენტოს ცნობით, წვიმასთან დაკავშირებულ ინციდენტებს სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიური მოვლენები ყველაზე მძიმე იყო ევერესტის მთის სამხრეთ კალთებზე და მიმდებარე მთიან რაიონებში, სადაც ძლიერი ნალექის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადავიდა, ხოლო რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა.
მედიის ცნობით, არსებობს გაფრთხილებები, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ოფიციალური პირები დაკარგული ადამიანების პოვნას ცდილობენ.
როგორც მედია იუწყება, ძლიერი წვიმა დაზარალებულ სოფლებამდე მისვლას აფერხებს, რადგან ბევრი გზა წაღებულია.
სამაშველო ოპერაციები გრძელდება, თუმცა ზოგიერთ რეგიონში გადაადგილება შეფერხებულია გზების დაზიანებისა და მეწყრული საფრთხის გამო. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ მაღალი რისკის ზონებს და დაიცვან საგანგებო წესები.
ქარიშხალი მაშინ დაიწყო, როდესაც ასობით ათასი ადამიანი დაშაინის, ჰიმალაის ქვეყანაში ყველაზე დიდი ფესტივალის აღნიშვნის შემდეგ კატმანდუში ბრუნდებოდა.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, მუსონური წვიმები, რომლებიც ძირითადად ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, სამხრეთ აზიაში ყოველწლიურად მასობრივ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს, თუმცა ბოლო წლებში ფატალური წყალდიდობებისა და მეწყერების რიცხვი გაიზარდა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო