ამ გვერდის ამობედვა

ტრამპი რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ომი არ დასრულდება, უკრაინას შესაძლოა Tomahawk-ები გაუგზავნონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს საჯაროდ აფრთხილებს, რომ თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება, შესაძლოა, უკრაინას გაუგზავნოს შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Tomahawk. ეს ისრაელისკენ მიმავალმა ტრამპმა გასულ ღამით მედიას პრეზიდენტის თვითმფრინავში განუცხადა.

11 და 12 ოქტომბერს დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკული მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის Tomahawk-ების შესაძლო გადაცემა.

ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საუბარი ექნება რუსეთის პრეზიდენტთანაც და რუსებს გააფრთხილებს, რომ თუ ომი არ მოგვარდება, უკრაინელებისთვის Tomahawk-ების გაგზავნას აპირებს.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 23 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა შორ მანძილზე (2500კმ) მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკელების დახმარებით ამ რაკეტების გამოყენება დააზიანებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, სადაც გვირაბის ბოლოს რაღაც სინათლე გამოიკვეთა.

პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, რასაც კიევი ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე დასთანხმდა.

წაკითხვა 78 ჯერ