საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასჯელის მოსახდელად ციხეში გამოცხადდა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს, 21 ოქტომბერს გამოცხადდა პარიზის ციხეში სანტე, სადაც საპატიმრო სასჯელი უნდა მოიხადოს.
პარიზის სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში ლიბიელი დიქტატორის, კადაფის მეშვეობით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ განაჩენი 25 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი დარბაზშივე არ დააპატიმრეს და პირადი საქმეების დასასრულებლად და ციხეში თავისი ნებით მისასვლელად ვადა 21 ოქტომბრამდე მისცეს.
გამოცემა Tribune Dimanche-თან ინტერვიუში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სარკოზიმ განაცხადა, ციხის არ ეშინია და სანტეს შესასვლელთან თავაწეული იდგება.
დღეს დილით პარიზში, ნიკოლა სარკოზის სახლთან შეიკრიბნენ მისი პირველი ცოლი, შვილები, ძმა და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მოქალაქეები. სარკოზი სახლიდან გამოვიდა მეორე ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად და შემდეგ ავტომობილით საპატიმროსკენ გაემგზავრა. სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის სახლთან შეკრებილები სარკოზის სახელს სკანდირებდნენ.
პარიზის ციხისკენ მიმავალმა ნიკოლა სარკოზიმ სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ შურისძიების და სიძულვილის მსხვერპლია და ციხეში მიდის არა საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, არამედ უდანაშაულო ადამიანი.
ნიკოლა სარკოზი, რომელსაც 2025 წლის იანვარში 70 წელი შეუსრულდა, მოათავსეს საპატიმრო დაწესებულების იმ სპეციალურ ნაწილში, სადაც მხოლოდ სამარტოო საკნებია. მას დღეში ორჯერ გასეირნების უფლება აქვს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში