ტრამპი არ განიხილავს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის“ გადაცემას.
ამ საკითხზე ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს შეკითხვა კიდევ ერთხელ დაუსვეს მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს ტელეკომპანია CNN-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პენტაგონი თანახმაა უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გაგზავნაზე, რადგან ეს შეერთებული შტატების მარაგზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს და საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
2 ნოემბერს, უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონისკენ მიმავალ ტრამპს ჟურნალისტებმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ამ შესაძლებლობას. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არა. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
2025 წლის 6 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემის შესახებ. 12 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ რუსეთი ომს არ დაასრულებს, უკრაინას შესაძლოა, ეს ფრთოსანი რაკეტები გაუგზავნონ.
16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტომაჰავკები“ მრავლად აქვთ, მაგრამ თავადაც სჭირდებათ.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემაზე არც უარი უთქვამს და არც მკაფიო თანხმობა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო