ამ გვერდის ამობედვა

ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამხრეთ კაროლინელ კონგრესმენ ჯო უილსონს მომდევნო, 2026 წლის შუალედური არჩევნებისათვის. უილსონი, - რომელიც „ქართული ოცნების არაღიარების აქტის“ ავტორია, კენჭს კვლავ იყრის.

 

„ჯო უილსონს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის - ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს“, - აცხადებს შეერთბული შტატების პრეზიდენტი.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერები ჯო უილსონს, - რომელიც მათ აკრიტიკებს იმის გამო, რასაც უწოდებს „ქართული ოცნების პრო-რუსულ, პრო-ჩინურ და პრო-ირანულ, ანტი-ამერიკულ პოლიტიკას“ - უწოდებენ „დიპ სტეიტის“ აგენტს;

 

„ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“, ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიპ სტეიტის“ აგენტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს.

 

„კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინაში კონგრესის მეორე საარჩევნო ოლქის უდიდესი ჩემპიონია“, - დაწერა ტრამპმა თავის შექმნილ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.

 

ტრამპი იხსენებს, რომ უილსონი არის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი.

 

მისი თქმითვე, უილსონი კარგად ფლობს „იმ სიბრძნესა და გამბედაობას, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი უძლიერესი სამხედროების/ვეტერანების მხარდასაჭერად, მშვიდობის დასაცავად ძლიერების მეშვეობით“.

 

„კონგრესში ჯო ბეჯითად შრომობს ჩვენი ახლა უკვე ძალიან უსაფრთხო საზღვრის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოებისთვის, მიგრანტების დანაშაულის შესაჩერებლად, კანონის უზენაესობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ეკონომიკის გასაზრდელად, გადასახადებისა და რეგულაციების შესამცირებლად, „წარმოებულია ამერიკაში“ ინიციატივის პოპულარიზაციისთვის, ამერიკის ენერგეტიკული დომინირების მხარდასაჭერად, არჩევნების სანდოობის ხელშეწყობისა და ჩვენი კონსტიტუციის მუდმივად ალყაში მოქცეული მეორე შესწორების დასაცავად“, - წერს ტრამპი.

 

აშშ-ში შუალედური არჩევნები დანიშნულია 2026 წლის ნოემბერში, რა დროსაც აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100-დან 35 წევრს. დონალდ ტრამპმა გასულ შაბათ-კვირას არაერთ მოქმედ რესპუბლიკელ კონგრესმენს დაუჭირა მხარი ხელახლა ასარჩევად.

 

ეს არ არის ტრამპის მიერ უილსონის პირველი მხარდაჭერა - მან სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელს მხარი დაუჭირა 2024 წლის არჩევნების დროსაც.

წაკითხვა 76 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2025

სიახლეები