ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, შეერთებული შტატების უმსხვილესი ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელიც თავს სოციალისტსაც უწოდებს.
პროგნოზს არჩევნებში მამდანის გამარჯვების შესახებ დღეს, 5 ნოემბერს ავრცელებს რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალება, მათ შორის CBS და CNN.
არჩევნები 4 ნოემბერს ჩატარდა. ნიუ-იორკის მერად კენჭს იყრიდნენ რესპუბლიკელი კერტის სლივაც და ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ნიუ-იორკის ამჟამინდელმა მერმა ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ზოჰრან მამდანი გახდება ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.
ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა - ინდოელი. მამა ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ მამდანია, დედა - კინორეჟისორი მირა ნაირი.
2020 წელს ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრად აირჩიეს. 2024 წლის ოქტომბერში, როცა ნიუ-იორკის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბევრი ფიქრობდა, რომ მამდანის შანსი ნულის ტოლია, თუმცა მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კანდიდატის შესარჩევად დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ პრაიმერიზში და ფავორიტად ითვლებოდა მერის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებითაც.
მამდანიმ თავისი საარჩევნო კამპანია ააგო სოციალური საკითხების გადაჭრაზე, რაც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ამერიკელებს აწუხებთ. კამპანიისთვის მამდანი აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ზოჰრან მამდანის „კომუნისტად“ მოიხსენიებს, არჩევნების წინ არ გამორიცხა, რომ მამდანის გამარჯვების შემთხვევაში ნიუ-იორკი ვეღარ მიიღებს კანონით დადგენილ მინიმუმზე მეტ ფედერალურ დაფინანსებას. თავად მამდანი აცხადებდა, რომ ნიუ-იორკის საკეთილდღეოდ შეეცდება ტრამპთან თანამშრომლობას, მაგრამ დაშინების უფლებას არავის მისცემს.
4 ნოემბერს ამერიკის ზოგიერთ შტატში ჩატარდა გუბერნატორის არჩევნებიც.
.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა