სტამბოლის პორტში არ შეუშვეს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande
თურქეთის ქალაქ სტამბოლის საზღვაო პორტის ადმინისტრაციამ პორტში არ შეუშვა საერთაშორისო საკრუიზო ლაინერი, პალაუს დროშით მცურავი Astoria Grande, რომლითაც ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ.
ეს ის ლაინერია, რომლის საქართველოში, ბათუმის პორტში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა 2023 წლის ივლისში.
Astoria Grande, რომელიც თურქული სააგენტოს, „ანადოლუს” ცნობით, 15 ნოემბერს ანტალიის პროვინციის საპორტო ქალაქ ალანიაში იმყოფებოდა, სტამბოლის პორტს 20 ნოემბერს დილით მიუახლოვდა, თუმცა, პორტში შესვლაზე უარი მიიღო.
საკრუიზო ლაინერი, რომელზეც 600-ზე მეტი მგზავრი, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო რუსეთის ქალაქ სოჭის პორტში, სადაც 22 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.
Astoria Grande-თი საკრუიზო ტურები სწორედ სოჭიდან ეწყობა თურქეთში, ეგვიპტესა და საბერძნეთში.
რუსული სააგენტოები „ტასი“ და „რბკ“ კომპანია „აკვილონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ სტამბოლის პორტის ადმინისტრაციამ უარის მიზეზი არ განმარტა. რუსული კომპანია „აკვილონი“ Astoria Grande-ს ტურების გაყიდვების გენერალური აგენტია. თავად საკრუიზო ლაინერის მფლობელი და ოპერატორია სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია Goodwin Shipping Limited.
ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ სტამბოლის პორტის ადმინისტრაციის უარი იყო საპასუხო რეაქცია იმ ფაქტზე, რომ ნოემბრის დასაწყისში სოჭის პორტში არ შეუშვეს თურქეთის ქალაქ ტრაბზონის პორტიდან წამოსული სამგზავრო ბორანი Seabridge, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში სოჭისკენ პირველ რეისს ასრულებდა. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში განაცხადეს, რომ ბორანს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არ ჰქონდა.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande მორიგი სამოგზაურო ტურის ფარგლებში 2023 წლის ივლისში შევიდა ბათუმის პორტში, რასაც ქალაქში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
სიახლეები
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
- ,,თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია"- ირაკლი ზარქუა
- ,,ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია"- თინა ბოკუჩავა
- ,,როცა საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით შევხედოთ საკითხს"- გიორგი შარაშიძე
- უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული