ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა. ამ განცხადებისთანავე ნიდერლანდმა, ესპანეთმა, ირლანდიამ და სლოვენიამ უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე.
ადრე რამდენიმე ქვეყნის ეროვნული მაუწყებელი ღონისძიების ბოიკოტით დაიმუქრა, თუ ისრაელს მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ. მათ საკუთარი პოზიციის გასამართლებლად მოიტანეს დაღუპულთა რიცხვი ღაზის სექტორში და ისრაელი კონკურსის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მანამდე „ევროვიზიის“ ერთ-ერთმა მთავარმა სპონსორმა, გერმანიამ, განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, თუ მასში არ დაუშვებენ ისრაელს.
ხუთშაბათს, „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა შეხვედრა გამართეს ჟენევაში, ევროპის მაუწყებლობის კავშირის (EBU) შტაბ-ბინაში, რათა განეხილათ ახალი წესები, რომელთა მიზანია, მთავრობებს ხელი შეუშალოს კონკურსზე გავლენის მოხდენაში. ისრაელს ადრე ბრალი დასდეს, რომ ის გადაჭარბებულად უჭერდა მხარს მომღერალ იუვალ რაფაელს, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა წლევანდელ კონკურსში.
ევროპის მაუწყებლობის კავშირმა განაცხადა, რომ მისი წევრები მხარს უჭერენ ახალ წესებს და, შესაბამისად, „EBU-ს ყველა წევრს, რომელსაც სურს 2026 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში მონაწილეობა და ეთანხმება ახალი წესების დაცვას, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს“.
ორგანიზაციამ დასძინა, რომ თუ ევროპის სამაუწყებლო კავშირის წევრები ახალ წესებზე არ შეთანხმდებოდნენ, ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება შეიძლებოდა. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის გამორიცხვისთვის აბსოლუტური უმრავლესობა იქნებოდა საჭირო.
წლევანდელ „ევროვიზიას“, რომელიც ბაზელში გაიმართა, 166 მილიონი მაყურებელი ჰყავდა 37 ქვეყნიდან. ღაზის სექტორში ომის ფონზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო, კონკურსში ისრაელის წარმომადგენლის გამოსვლას საპროტესტო აქციები ახლდა თან მალმიოსა და ბაზელში.
2026 წელს ,,ევროვიზიის" კონკურსს ვენა უმასპინძლებს.
სიახლეები
- ,,სახელმწიფო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთი მედიკამენტის ფართო დაფინანსებაზე ან შემოტანაზე, რომლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის"- თამთა მეგრელიშვილი
- ,,ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს ვაშაძისა და სხვების სახით"- შალვა პაპუაშვილი
- 1107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი
- მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ