ამ გვერდის ამობედვა

"ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ

ჩეხურ ყოველდღიურ მაღალტირაჟიან გაზეთ „დნეს“-ში (Dnes) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსების კიდევ ერთი დამცირება: „მორდორის საშინელი აესი“ თავისი მუშაობის ვადებს ამთავრებს და მას ამერიკელები შეცვლიან. აშშ რუსეთს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებს“ (ავტორი - ადამ გაეკი).

პუბლიკაცია ეხმაურება სომხეთში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეიმს ვენსის ოფიციალურ ვიზიტს. მასში განხილულია ვაშინგტონ-ერევნის მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - თანამშრომლობა ატომური ენერგეტიკის სფეროში.ჩეხურ ყოველდღიურ მაღალტირაჟიან გაზეთ „დნეს“-ში (Dnes) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსების კიდევ ერთი დამცირება: „მორდორის საშინელი აესი“ თავისი მუშაობის ვადებს ამთავრებს და მას ამერიკელები შეცვლიან. აშშ რუსეთს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებს“ (ავტორი - ადამ გაეკი). პუბლიკაცია ეხმაურება სომხეთში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეიმს ვენსის ოფიციალურ ვიზიტს. მასში განხილულია ვაშინგტონ-ერევნის მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - თანამშრომლობა ატომური ენერგეტიკის სფეროში.


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დასახელება „მეწამორის ატომური ელექტროსადგური“ არ ჟღერს „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე“ უკეთესად. სომხეთში მდებარე აესი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, საშინელ შეგრძნებას ბადებს და „მორდორის“ - წყვდიადის საზარელი სამეფოს ატრიბუტს მოგვაგონებს, ჯონ ტოლკინის წიგნის „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით.საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში - 1969-1976 წლებში აგებული მეწამორის ბირთვული ელექტროსადგურის (გახსოვთ, ალბათ, ლოზუნგი - „ხალხის სამსახურში ჩამდგარი მშვიდობიანი ატომი“) შედარება საშინელ მორდორთან რეალობას შეესაბამება: ექსპერტების საერთო თვალსაზრისით, მეწამორის ატომური ელსადგური, რომელიც ერევნიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო სამმილიონიანი სომხეთისათვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც - საქართველოსთვის, თურქეთისათვის, აზერბაიჯანისათვის, ირანისა და რუსეთის სამხრეთი რეგიონებისათვის.


ყურადღება მივაქციოთ სამ მომენტს:ჯერ ერთი, რომ მეწამორის აესი სეისმურად აქტიურ და შესაბამისად, სახიფათო ზონაში იმყოფება - როცა 1988 წელს სომხეთში მიწისძვრა მოხდა (დაიღუპა 38 ათასი ადამიანი), ეს ბირთვული ობიექტი, მართალია, სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ ხალხის ზეწოლით, ხელისუფლება იძულებული გახდა, ელსადგურის მუშაობა შეეჩერებინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, სომხეთში განვითარებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ატომური სადგურის რეაქტორები ისევ აამუშავეს. ამჟამად მეწამორის აესი ელექტროენერგიაზე სომხეთის მოთხოვნების 40%-ს უზრუნველყოფს და ექსპორტშიც გზავნის - მეზობელ ირანში.


მეორე - დასავლელი ექსპერტები უკვე მრავალი წელია, გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაცია „ცეცხლთან თამაშს“ ნიშნავს, სამხრეთ კავკასიის მილიონობით ადამიანისათვის: სადგურმა დიდი ხანია, თავისი მუშაობის ვადა ამოწურა და უსაფრთხოების დღევანდელ მოთხოვნებს აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს. ევროკავშირი არა ერთხელ ცდილობდა ფინანსური დახმარებით სომხეთისათვის სურვილი გაეღვიძებინა, რომ ერევანს 448 მეგავატის სიმძლავრის მქონე სადგური სამუდამოდ დაეხურა, მაგრამ -ამაოდ.


მესამე - სომხეთის ხელისუფლებამ რუსული კომპანიის, „როსატომის“ ექსპერტების დახმარებით, უკვე ორჯერ განახორციელა აეს-ის მოდერნიზება (სხვათა შორის, მასში ჩეხური კომპანიების ŠKODA JS-სა და ZAT-ის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ). ხუთი წლის წინათ მიღებული დადგენილების თანახმად, „მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რეაქტორების“ მქონე მეწამორის ატომურ ელსადგურს მუშაობის ვადა 2036 წლამდე გაუგრძელდა. მაგრამ რა მოხდება მისი საბოლოო გაჩერების შემდეგ?


ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის - ჯეიმს ვენსის ვიზიტის დროს გამოიკვეტა, რომელიც ერევანში ყოფნისას სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-მა პატარა სამხრეთკავკასიურ ქვეყანას ცხრა მილიარდი დოლარი შესთავაზა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებიდან თავდასაღწევად.


მიღწეული შეთანხმების თანახმად, დოკუმენტში განსაზღვრულია ამერიკული ტექნოლოგიებით, ამერიკული ბირთვული საწვავით და სხვა მომსახურებით სარგებლობა. შეთანხმებით კარი იხსნება ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც უპირატესობით ისარგებლებენ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორებით ჩანაცვლების დროს. „ეს არის კლასიკური win-win ანუ ორივე მხარისთვის სასარგებლო მოლაპარაკება. სიტუაციით იგებს როგორც სომხეთი, ისე - აშშ“, - კმაყოფილება გამოხატა ჯეიმს ვენსმა.


ამრიგად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოხერხებულად სარგებლობს იმით, რომ სომხეთი თანდათან უახლოვდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანთან, რომლის განხორციელებაში მთავარი გმირის ანუ შუამავლის როლს და ქულებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იწერს. მართალია, მას არ შეუძლია სიტყვა „აზერბაიჯანის“ სწორად წარმოთქმა, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ იმ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს ექსკლავ ნახჭევანთან და თურქეთთან დააკავშირებს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, დონალდ ტრამპის სახელი ეწოდოს.


ამ სიტუაციაში მთავარ წაგებულ მხარეს რუსეთი წარმოადგენს. ჯეიმს ვენსის ვიზიტის დროს სომხეთთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში კრემლის გავლენა სუსტდება. სხვათა შორის, რუსეთი ბოლო მომენტში შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია აშშ-ისათვის: გასულ კვირას რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელი ალექსი ლიხაჩოვი ერევანში ჩავიდა, პარლამენტის სპიკერს შეხვდა და კომპლექსური "თანამშრომლობა“ შესთავაზა - „ახალ რეაქტორს აგიშენებთ და მოგებიანი ურთიერთობა გვექნებაო“...


მაგრამ არ გამოუვიდა: სომხეთში ყურადღება არავინ მიაქცია მის წინადადებას, თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, არც ამერიკული ატომური რეაქტორები იქნება მალე, რომლებსაც სომხები მხოლოდ საკმაოდ შორეულ მომავალში თუ დაინახავენ. საერთოდ, აქ მთავარი ისაა, რომ ახალი სიმძლავრეების აშენება ფულისა და ბიზნესის საკითხი კი არ არის, არამედ - ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს.


ნიკოლ ფაშინიანი კი დარწმუნებულია, რომ ამერიკელებთან ბირთვული მეგობრობა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება და თურქეთთან საზღვრების გაღება ივლისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მის გამარჯვებას უზრუნველყოფს.




წყარო

წაკითხვა 52 ჯერ

სიახლეები