"რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის დადაქალაქი რუსეთის ინტენსიური იერიშების მთავარი სამიზნეა, რამაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.
„ახლა კვლავ ღიად რჩება ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი – გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის მერი აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების შემდეგ ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
გათბობისა და ელექტროენერგიის ხანგრძლივი ნაკლებობის გამო დედაქალაქში ამჟამად 1 500-ზე მეტი საგანგებო რეაგირების პუნქტია განლაგებული.
ამავდროულად, ინტერვიუში კიევის მერმა აღიარა, რომ მას აქვს მიმდინარე კონფლიქტი სახელმწიფოს მეთაურთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც, მისივე განმარტებით, ომამდე დაიწყო.
კლიჩკოს თქმით, ზამთრისთვის დედაქალაქის ცუდი მომზადების შესახებ პრეზიდენტის კრიტიკის მიუხედავად, ყველა საგანგებო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
„სახელმწიფოს მეთაურის საჩივრების საპასუხოდ კლიჩკომ განაცხადა, რომ ყველა საგანგებო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს გათბობისა და ელექტროენერგიის აღსადგენად. მისივე თქმით, ზოგჯერ დაზიანებული ობიექტების შეკეთება ნულიდან უნდა დაიწყოს“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც მედია წერს, უკრაინის დედაქალაქის 3.5 მილიონი მცხოვრები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მკაცრ ზამთარს განიცდის. ტემპერატურა მინუს 20 გრადუს ცელსიუსზე დაბლა დაეცა და კიევი ყინულისა და თოვლის სქელი ფენითაა დაფარული. რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რის შედეგადაც ათობით საცხოვრებელ კორპუსს ელექტროენერგია, გათბობა და წყალი არ მიეწოდება.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს