უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე დარიცხულ მორიგ პროცენტს, 1,4 მილიარდ ევროს. უკრაინისთვის ამ თანხის გადაცემის გადაწყვეტილება ევროკომისიამ 1 აპრილს გამოაცხადა.
ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინულია უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ამ აქტივებზე დარიცხული პროცენტით მიღებული შემოსავალი რუსეთს არ ეკუთვნის. ევროკავშირი ამ თანხებს უკრაინის დასახმარებლად იყენებს. კიევმა ამ გზით უკვე ოთხი ტრანში მიიღო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მორიგი გადარიცხვა, 1,4 მილიარდი ევრო მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მომსახურების გასაწევად და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად.
- ევროკავშირმა 2024 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების გაყინულ აქტივებს ინახავენ, მათზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი არ უნდა განკარგონ და ეს თანხა გამოყენებული უნდა იყოს უკრაინის ინტერესებისთვის.
- რუსეთი ამ გადაწყვეტილებას „ქურდობად“ და „რეკეტად“ აფასებს.
- 2022 წლიდან, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა ორას მილიარდ ევროზე მეტის აქტივები. უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება.
ევროკავშირი უნგრეთის ვეტოს გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს უპროცენტო კრედიტის გამოყოფას. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ კიევისთვის კრედიტის მიცემას არ დასთანხმდება, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.
მარტის ბოლოს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის კრედიტს ვერ მიიღებს, ივნისში შესაძლოა, სამოქალაქო ხარჯები ბიუჯეტიდან ვეღარ დაფაროს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
- ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს