ამ გვერდის ამობედვა

ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში 7.8 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ცნობების გადამოწმება მიმდინარეობს, თუმცა უკვე დადასტურებულია ხუთი გარდაცვალება და ათეულობით ადამიანის დაშავება.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ მინდანაოსთან, სარანგანის პროვინციის სანაპიროსთან დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა და ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

ძლიერი ბიძგების შემდეგ ფილიპინებისა და ინდონეზიის ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა და სანაპირო ზონების მოსახლეობას მაღალ ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა. სპეციალისტების შეფასებით, რამდენიმე რეგიონში ტალღების სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა.

ფილიპინების ხელისუფლება სტიქიის შედეგების შეფასებას აგრძელებს. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლისა და დაზარალებულების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

წაკითხვა 86 ჯერ