გახარიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ - ირაკლი კობახიძე
გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თუ არა თავისი სახე. გუნდის დანარჩენი ნაწილის პასუხი ამაზე იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არაა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება შეუწყობს ხელს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.
„ახლა ჩვენი გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია