"როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ"
"ნატო-ს ევროპელი წევრები არ იღებდნენ არახელსაყრელ სიმართლეს იმის შესახებ, რომ პუტინი ომის პროვოცირებას ახდენდა,"– ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მეთიუ ბრაიზამ გამოცემასთან საუბრობს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების მსგავსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წელს არავის სურდა მოესმინა, გაეგო ან დაენახა ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში.
როგორც მეთიუ ბრაიზა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს აღიქვამდნენ იმპულსურ და პროვოკაციულ აქტორად იმის გამო, რომ ის რუსეთის ზრახვებს ააშკარავებდა.
„როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ. სააკაშვილს აღიქვამდნენ, როგორც იმპულსურ, დაუფიქრებელ, პროვოკაციულ აქტორს იმის გამო, რომ ის ააშკარავებდა იმას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა რუსეთი. 2008 წლის აგვისტოში ის ამბობდა, რომ შემდეგი კონკრეტულად ყირიმი იქნებოდა. ისევ და ისევ, ამის მოსმენა არავის სურდა, ეს არაკომფორტული სიმართლე იყო, მაგრამ იყო სიმართლე. ევროპამ ეს სერიოზული საფრთხის ფასად უგულებელყო. ახლა კი გვაქვს ეს საშინელი არეულობა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, არამედ, ომის საფრთხეს უქმნის ევროპის უმეტეს ტერიტორიას“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა