"მურუსიძე-გვრიტაშვილის არჩევით მთავრობამ უარი თქვა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე"-ნიკა მელია
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.
ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე.
"ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს - მურუსიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში! სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას", -აცხადებს ნიკა მელია.
საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას გამოეხმაურა პარტია "ლელოც". მათ განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის საბჭოში ჩატარებული "ფასადური არჩევნებით", "ქართულმა ოცნებამ" განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.
"ნაცვლად ამისა მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად "კლანის" ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულებელყოფასდა მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას",'-წერია განცხადებაში.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "შეტევაზე" გადავიდა და აღარ ერიდება ღიად ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
"იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი "კლანის" მეთაურების - მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს",-ამბობს პაატა მანჯგალაძე.
23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი