"ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ფასი, სანდუმ მიხედოს თავის პატიმარ პრეზიდენტს"
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე "ფასი არ აქვს".
ამას გარდა, მოლდოვის პრეზიდენტის ამავე შინაარსის მოწოდებაზე კობახიძე უპასუხებს, რომ "სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს".
"[მაია] სანდუს ჰყავს მოლდოვის პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
თავის დროზე კრემლთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პოლიტიკოსი იგორ დოდონი, რომელზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტი იყო. მას რამდენიმე ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მუხლით. მიმდინარე წლის ნოემბრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა უმაღლესი სასამართლო პალატის გადაწყვეტილების შედეგად ამჟამად თავისუფალია.
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.
„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.
მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის საშუალება უნდა მისცენ.
„შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო, რაც გამოწვეულია მისი პატიმრობის პირობებით. მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნება დართონ ყოფილ პრეზიდენტს, წავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა დაცული იქნას მისი ჯანმრთელობა", - წერს ტვიტერის გვერდზე მაია სანდუ.
დღეს, 22 დეკემბერს, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე პაციენტი პატიმრის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კლინიკა „ვივამედმა“ არ გასცა, 14 დეკემბერს კი მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა პენიტენციურმა სამსახურმა „შესაბამისი ტექნიკური საშუალებების“ არარსებობის მიზეზით ვერ მოახერხა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე