"გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც კანადაში" - ჰერმან საბო
გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში, ცუდი კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც წესი, ცუდ კანონს აზღვევს წესიერი სასამართლო, რისთვისაც საჭიროა სასამართლო, რომელიც მთავრობას არ ექვემდებარება.
„გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში. ცუდი კანონია, ზედმეტი ჩარევაა ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შენს ქვეყანაში რომელიმე უცხო ქვეყანა რაიმე სპეცოპერაციას თუ ახორციელებს, ამას სპეცსამსახურები უნდა უყურებდნენ და არა უცხოური აგენტების შესახებ რეესტრების შექმნა და რაღაც ნეგატიური კონოტაციის სახელების დარქმევა. მაგრამ რეალობა რომ გავითვალისწინოთ, ამ ცუდ კანონს, როგორც წესი, აზღვევს ხოლმე წესიერი სასამართლო, რომ მთავრობამ არ მოახდინოს ამ კანონის ბოროტად გამოყენება. ამისთვის საჭიროა წესიერი სასამართლო, რომელიც არ ექვემდებარება მთავრობას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, კანადისგან განსხვავებით, საქართველოში ორმაგი პრობლემა არსებობს, თუ იქ ცუდ კანონს თეორიულად სასამართლო აზღვევს, საქართველოში სასამართლო ისევე კონტროლირებადია, როგორც სხვა ინსტიტუტები.
„ორმაგი პრობლემა გვაქვს, კანადელებისგან განსხვავებით. ცუდ კანონს იქ თუ თეორიულად სასამართლო აზღვევს, ჩვენთან სასამართლოც არ არის და სასამართლოც ისევე კონტროლირებადია, როგორც სხვა ინსტიტუტები. დასავლეთშიც, ევროპაში, ამერიკაში თუ კანადაში კანონი მიმართულია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ეს კანონი მივიღეთ ევროპის და ამერიკის საწინააღმდეგოდ. ამ სამი არგუმენტის გაერთიანება გვაძლევს იმ განსხვავებას კონტექსტში, რის გამოც კანადაში შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს კანონის მიღებით, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი