“ოცნება” “ახალ ნიურნბერგს” აანონსებს - ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისია შეიქმნა
“83 ხმით, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სამართლებრივი შეფასებების დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა, როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, კომისიას უფლებამოსილებას კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებენ, იმუშავებს ექვსი თვე.
სექტემბერში დასკვნა გამოქვეყნდება, მასალები კი რეაგირებისთვის პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს გადაეცემა. დღეიდან, სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ კომისიაში სწორედ ოპოზიციის სტატუსით ჩართვას “ხალხის ძალა” აპირებს. ასევე, ოპოზიციის სახელით იქმნება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპელი სოციალისტები”, რომლებიც სავარაუდოდ, აღნიშნულ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “ახალ ნიურნბერგს” აანონსებს - ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
“ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი - კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. “პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება... რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე - ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება ციხეებში, სისტემური დანაშაული, ეს არის ასევე ბიზნესის რეკეტი, ეს არის 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით “ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, როცა ირაკლი კობახიძე ნიურნბერგის პროცესზე საუბრობს, არ ესმის, კი აცხადებს, რომ ამ პროცესიდან “ნაცმოძრაობის” “პოლიტიკური ველიდან მოკვეთას” უნდა ველოდოთ”, - დასძენს გამოცემა.
“როცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ იურისტია, სულ მიკვირს ხოლმე, აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცი იურისტია, ნიურნბერგის პროცესის კონცეფცია არ ესმის მას. ნიურნბერგის პროცესი ის იყო, რომ გერმანია სხვა ქვეყნებმა გაასამართლეს, ანუ იურისდიქცია არ არსებობდა ამ სასამართლოსი გარდა პოლიტიკური, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნალი იყო, დამნაშავეები გაასამართლეს, მაგრამ არ გაუსამართლებია გერმანიის სასამართლოს. მას სამართალში ელემენტარული რაღაცეები არ ესმის, როდესაც ამბობს ნიურნბერგის პროცესი უნდა მოვუწყოთ “ნაციონალურ მოძრაობასო”, ესე იგი გულისხმობს, რომ ენმ მსოფლიომ უნდა გაასამართლოს, რაც თავშივე ბოდვაა და მშვენივრად აჩვენებს მის უვიცობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“არსებითი მხარე კი არის ის, რომ მათ “ნაცმოძრაობის” გასამართლება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები მოდის და არჩევნებამდე უნდათ, რომ ეს მოასწრონ და აკრძალონ იმ იმედით, რომ თუ აკრძალავენ შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება და სხვა წამყვანი პარტიებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ არჩევნებს და “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებზე მარტო დარჩება, პლუს თავის სატელიტ პარტიებს შეიყვანს. მათ არ უნდათ, რომ საკრებულოებში ოპოზიცია ჰყავდეთ, ამიტომ ოპოზიციამ დასკვნა უნდა გააკეთოს, მათ ჭკუა უნდა ეყოთ, არ გაუშვან ეს შანსი ხელიდან და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რადგან ევროპიდან წამოსვლის მერე, “ოცნებამ” ამომრჩეველიც დაკარგა და ვიცით სად, როგორ და რა ფორმით აყალბებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რა თქმა უნდა, ცესკო მათი იქნება და ბევრი უპირატესობა ექნებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უკვე ცნობილია როგორ იმუშავებს “ოცნება”. გაყალბების ბევრი საკითხები უკვე გამოაშკარავებულია, მაგალითად, პირადობის მოწმობების ჩაბარება და ა.შ. “ოცნებას” არ ექნება ისეთი სრულყოფილი საშინაო დავალება, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს 4 წელი ამზადებდნენ. მათი გაყალბების სისტემაც კი მოწყვლადია, ერთ წელიწადში ისინი ამას ვერ მოასწრებენ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში გაყალბების ახალი ფორმების ჩამოყალიბებას. ოპოზიცია აუცილებლად უნდა მიდიოდეს ადგილობრივ არჩევნებზე და “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებულმა ე.წ. ნიურნბერგის პროცესმა ოპოზიცია არ უნდა შეაშინოს და პრინციპულად მაინც უნდა გადალახონ მორალური წინააღმდეგობა და “ოცნებას” შეეჭიდონ ადგილობრივ არჩევნებში”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩემი აზრით, ერთადერთ რამეს უნდა ველოდოთ, ის უბედური საქმეები უნდა გამოიძიოს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში “ნაცებმა” აკეთეს და “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა მოიკვეთოს პოლიტიკური ველიდან, ვინაიდან ისინი არიან საქართველოს სახელმწიფოებრივობის და ქართველი ხალხის მტრები თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. “ნაცმოძრაობის” - ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ჩინოვნიკები უნდა დაისაჯონ, რომლებიც დღეს თავშეფარებულები არიან უკრაინაში, მათი საქმეები უნდა გამოიძიონ. როგორც ვიცი უგულავა დაპატიმრებულია, აგრეთვე გვარამიასა და სხვა ოდიოზური ფიგურების შავბნელი საქმეები უნდა გამოიძიონ, რომლებიც დღესაც თავგასულები არიან და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. არ ვლაპარაკობ რიგითებზე, რიგითები იყვნენ ჭანჭიკები, თუმცა მათ, ვისაც სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამ ორგანიზაციას საბოლოოდ უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება, როგორც გერმანიაში 1945 წელს ნიურნბერგის პროცესი იყო”,- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"