გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში -„ნაციონალური მოძრაობა“
ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, პარტიის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გენერლების ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილის გამოკითხვაა დაანონსებული, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. მათივე განცხადებით, გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, "რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში".
„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომ რუსულ კომისიაზე არ დაიბარებდნენ არც ერთ სამხედრო პირს, დღეს სხდომაზე სწორედ ქართველი სამხედროების დაკითხვაა დაანონსებული. დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა. გენერალი გოგავა და ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ატარებს 2008 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელს რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში და ამიტომაა, რომ გენერლებს დღემდე რუსეთის ფედერაცია დევნის. საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს. ამ გამარჯვების რეკვიზირებაა "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი. ამას გულისხმობს ე.წ. “სამართლიანობის აღდგენა”, საქართველოს ისტორიის ოკუპანტის ვერსიით გადაწერა, 2008 წლის ომის საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე გადაბრალება და ოკუპანტის გამართლება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების შეტრიალებით.
სიახლეები
- ,,დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში"- ირაკლი კობახიძე
- ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
- ,,თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა"- ანა ნაცვლიშვილი
- წითელას გავრცელების შედეგად ტეხასის შტატში ორი ბავშვი გარდაიცვალა