"9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ" - ირაკლი კობახიძე
9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მისივე თქმით, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე.
„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას.
ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!“- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"