ამ გვერდის ამობედვა

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რატომ ამბობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარს ეუთო-ს გენარალურ მდივანთან შეხვედრაზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, თუ რატომ არ აპირებენ ეუთო-ს გენერალურ მდივან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას.

როგორც ის აცხადებს ეუთო-ს გენერალურ მდივნის მხრიდან არაფერი თქმულა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.

ჯაფარიძის თქმით, ეს ვიზიტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვიდა.

„მიზეზი იგივე იყო, რაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჩამოსვლის დროს. ეს ვიზიტი ჩვენთან შეთანხმებული არ იყო, არც ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა. ჩამოსვლისას შეხვედრები ჰქონდათ რეჟიმის წარმომადგენლებთან, მათ შორის ყაველაშვილთან. დაგვიკავშირდნენ და გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გასაუბრება უნდოდათ. ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთი ტიპის ვიზიტებს რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს, ვითომ ლეგიტიმურები ვართ, პრობლემა არ გვაქვს დასავლეთთან ურთიერთობაში, ყველაფერი დალაგებულია და არავითარი პრობლემა არ არისო. ამიტომ, ასეთი ვიზიტები არ უნდა იგეგმებოდეს, მათ შორის სხვა ოპოზიციურ მოთამაშეებთან შეუთანხმებლად. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ევროპიდან იქნება თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვინც საქართველოში ჩამოდის, ასეთ ვიზიტს უნდა ჰქონდეს ცხადი მიზანი, რისთვის ჩამოდის. ეუთო რომ ხარ, პირველ რიგში იმით უნდა დაიწყო, რომ შეხვდე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, უნდა მოახერხო, რომ შეხვიდე საპატიმრო დაწესებულებებში და ნახო ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან. უნდა შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც დეკემბრის დასაწყისში ქუჩაში აწამეს და ასე შემდეგ. არაფერი ასეთი არ მოხდა. ეს ვიზიტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვიდა. პრესკონფერენცია ჰქონდა, სადაც არაფერი ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არის. ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და არცერთი სიტყვა ამაზე არ თქმულა“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები აცხადებენ, რომ მისი წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას არ აპირებენ. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.

წაკითხვა 265 ჯერ