ამ გვერდის ამობედვა

"დღეს განსაკუთრებული დღეა – საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს" - მიხეილ ყაველაშვილი

“დღეს განსაკუთრებული დღეა – საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო სამსახური სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს მოითხოვს.

 

“ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას.

 

სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენგანი გმირობისა და თავდადების მაგალითია, სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცე საყრდენს, რომელზეც  დგას ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.

წაკითხვა 86 ჯერ