უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უსახლკაროდ რეგისტრირებული 400 ოჯახიდან 300-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილებულია.
„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს – უსახლკარო ოჯახების თემას, რომლის მოგვარებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. ქალაქში რეგისტრირებული იყო 400-მდე უსახლკარო ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. შესაბამისად, უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, დღევანდელ სხდომაზე კი, დამატებით შესაბამისი ფართები გამოვიტანეთ, რომლებიც შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ იმ ოჯახებს, ვინც სახლების მიღებას ელოდება. აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.
„აღნიშნული ბინების ნაწილი უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია მიღებული, ნაწილი კი მშენებლობის პროცესშია. საცხოვრებელი ფართები უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ მას შემდეგ, რაც მათი საცხოვრებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა მოხდება. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სიახლეები
- ჭავჭავაძის გამზირზე Wolt-ის კურიერები ერთმანეთს შეეჯახნენ
- ჭავჭავაძის გამზირზე Wolt-ის კურიერები ერთმანეთს შეეჯახნენ
- " განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია" - ირაკლი ჩიქოვანი
- “დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე” – მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
- "დღეს განსაკუთრებული დღეა – საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს" - მიხეილ ყაველაშვილი