"აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს და გვისმენს - კომისიის მიზანი ასეთია, ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები პოლიტიკურ საქმიანობაში აიკრძალონ, რომ ვერასდროს, არა თუ ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ მათ პოლიტიკურ პროცესშიც ვერ მიიღონ მონაწილეობა, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა. სხდომაზე მიწვეულია ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე. მისი თქმით, სპეცოპერაციისას მისი შვილი და სხვა ახალგაზრდები მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კუდი-ს ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოკლა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი სწორედ მიხეილ ართმელაძის მიერ, სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ, ნელ-ნელა მივდივართ უკვე იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, ამ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და ის ახალგაზრდები, ვინც აქ ბრძანდებიან, პარლამენტის სტაჟიორები, ვინც გვისმენენ და ჩვენი ხელისუფლება უნდა გადაიბარონ, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საერთოდ არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ის ელჩები, რომლებიც 2012 წლიდან დღემდე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გვარებს არ ჩამოვთვლი პრობლემები რომ არ შევუქმნათ, ერთი-ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, არცერთი არ სცემდა პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, არცერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებმა დავღვარეთ და მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს, ამ მართლა მთავარ შემოქმედს და ჯალათს იმ რეჟიმისა, რომელიც ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.
აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თავლით მაინც ადევნებს, ერთგულად ყურადღებას იჩენს და გვისმენს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სისხლიანი რეჟიმის მთავარი ავტორი, რომელმაც თქვენი ოჯახი გაანადგურა, თქვენი და სხვების შვილები უდანაშაულოდ შეიწირა, გისმენდათ დღეს. ორი თვალით რომ შეხედოს, ვაჟკაცობა და გამბედაობა უნდა, ცოტა მაინც.
ჩვენი კომისიის მიზანი, ასეთია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ჩვენი დიდი გუნდის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი დასკვნა, რომელშიც თქვენი ცამდე მართალი შვილის საქმეც აისახება, დოკუმენტი დაიდება, უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები პოლიტიკურ საქმიანობაში აიკრძალონ, რომ ვერასდროს, არამც თუ ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკურ პროცესშიც ვერ მიიღონ მონაწილეობა, რომ თქვენნაირ ჭირისუფლებს არჩევნებისას ნერვებს აღარ უშლიდნენ“, - მიმართა წულუკიანმა მიხეილ ართმელაძეს.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე მიწვეულია სპეცოპერაციის დროს დაღუპული კიდევ ერთი ახალგაზრდის, რომან სურმანიძის მამა, ოთარ სურმანიძე, რომელმაც მისი შვილის საქმის ფარგლებში ისაუბრა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით კომისიას ასე მიმართა: „კი მაგრამ ამ 13 წლის განმავლობაში, რატომ ვასაზრდოებდით ამ პარტიას, ამ ჯალათებს, რატომ ვასაზრდოებდით? რატომ ვასაზრდოვეთ და რატომ ვასულდგმულეთ?!“.
ოთარ სურმანიძის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ ალუდა ღუდუშაური და სოზარ სუბარი. როგორც სუბარმა აღნიშნა, სხდომებით, „ძალიან ბევრი ტკივილი გაცოცხლდა და საზოგადოება ძალიან ბევრ რამეს იგებს“.
„საზოგადოებასთან ერთად ამას უყურებენ ის ადამიანებიც, ვინც დანაშაულს სჩადიოდნენ, მათი მხარდამჭერები თავიდან ცდილობდნენ, რომ თითქოს ეს არ შეემჩნიათ, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან აწუხებთ ეს ამბავი. ის „ვივამედის“ პაციენტიც [წუხდება], ქალბატონი თეა რომ მუმიას უწოდებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ამასთან, როგორც სუბარმა განაცხაა, „ნავთლუღის“ სპეცოპერაციის საქმე არის ის საქმე, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთ მისხალს ვერაფერს იტყვის“, რადგანაც საქმეში დაკავების მიზეზი არ არსებობდა.
„ჩვენც კი, თითქოს არაფერი უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან, დღემდე ვერ ამოგვიხსნია, რა იყო, მაგრამ ასეთები ერთი და ორი არ აქვთ გაკეთებული. საბოლოოდ უნდა დადგეს და სამართლიანობის აღდგენა იქნება, რომ ამ ადამიანებს, ამ სუბიექტებს აეკრძალოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა, კიდევ ნერვებს არ უშლიდნენ საზოგადოებას და მსხვერპლებს", - განაცხადა სუბარმა.
„მეც ხშირად ვამბობ ხოლმე, წამომცდება „პაციენტი“. პაციენტი კი არა, არაკაცი. ეგ დამნაშავე, კრიმინალი ეგა. არაკაცი, არაფერი „პაციენტი“, წამოგორებული არის იქ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს