“ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა – არ არის ეს ასე” - კახა კალაძე
„საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს და არა იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს.
„ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დაემონო. ბევრჯერ მითქვამს და კარგი იქნება თუ ამას გაიაზრებთ – საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს; სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული იმაზე, რომ რომელიღაცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, რაღაცას გვიბრძანებს და ის უნდა გავაკეთოთ თავდახრილმა. ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა. არ არის ეს ასე. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა.
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მზადაა, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა; ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ეს იყოს ნამდვილი, პარტნიორული, მეგობრული. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, აშშ-სთვისაც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე