ამ გვერდის ამობედვა

“კომისიის დასკვნის შესავალში სავარაუდოდ ნაჩვენები იქნება, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით, ვიტყვით, რომ ეს იყო ანტიქართული რეჟიმი” - თეა წულუკიანი

“იკვეთება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა რევოლუცია. ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ კომისიის დასკვნაში ვიტყვით, რომ ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოიკვეთა ისეთი მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს დასკვნაში ასახვას.

 

” ორ მაგალითს გეტყვით. როგორც დოკუმენტურად იკვეთება, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა რევოლუცია. ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება. შემდეგაც, მომდევნო თვეებში, როცა უკვე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ხელისუფლებაში და ამ დარბაზში შემოვიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამაზე თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი სტრასბურგის სასამართლოს. მაშინ ცესკო-ს ხელმძღვანელობდა ჭიაბერაშვილი. ეს თემა გამოიკვეთა და, ვფიქრობთ, დასკვნის შესავალში მოხსენიებული იქნება, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ვინაიდან თქვენგან ამისი მანდატი არ გვაქვს, ეს მიმართულება ძირფესვიანად ვერ იქნება გამოკვლეული, პარლამენტისგან სხვა თემები გვაქვს საკვლევად დავალებული, მაგრამ შესავალ ნაწილში, სადაც დაისმება კითხვა, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს სათანადოდ იქნება ნაჩვენები. იქნება ნაჩვენები, რომ ხელისუფლებაში მოვიდა მავნებელი ძალა, ახსნილი იქნება, რას ნიშნავს ეს, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში – მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით. ამ შემთხვევაში, რაკი მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია, შედარებით რბილად ვსაუბრობ. ეს არ იქნება ცარიელი შეფასებები, შესავალში ეს ნაჩვენები იქნება მოკლედ, კონკრეტულად, დოკუმენტებზე დაყრდნობით.

 

მეორე საკითხს, რაც გამოიკვეთა, ადგილს მივუჩენთ ასევე შესავალ ნაწილში, ვინაიდან ამის კვლევის მანდატი პარლამენტისგან არ გვქონია. სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ანტიქართული რეჟიმი, რაც ცალსახად იკვეთება ჩვენი კვლევის შედეგად. ამჟამად ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი ქართველის შექმნას, რეალურად, ჩვენი ერის გადაგვარებას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მაშინდელმა განათლების სისტემამ და იმ გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა, რომელთა ასლებიც ამჟამად განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი გვაქვს. განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ვიდრე იყო ის დედაენა, თუ მისი ელემენტები, რაც ისწავლებოდა სრულიად გარდაქმნილი სახით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ისე ვერ ვიმუშავებთ, როგორც სხვა თემებზე ვმუშაობთ, მაგრამ ნამდვილად გამოიკვეთა ეს მიმართულებები. რაკი გამოიკვეთა, გვინდა, შემოგთავაზოთ მსჯელობისთვის. ოღონდ ეს იქნება შესავალში, რეჟიმის დასახასიათებლად, როცა ვიტყვით, ვინ მოვიდა, როგორ მოვიდა. შემდეგ მთელი დასკვნა მიეძღვნება იმას, რომ მოვიდა, რა გააკეთა. დასკვნის ბოლოსიტყვაობა იქნება იმის თაობაზე, რა უნდა ვქნათ ახლა, როდესაც არამც თუ ხელისუფლებაში ყოფნისას დააშავეს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც უშავებდნენ ხალხს, სახელმწიფოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წაკითხვა 435 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2025

სიახლეები