“ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!” - გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს
მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.
მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.
„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.
საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.
„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.
„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.
წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.
„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს [აქ ჯდომის] ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.
„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.
თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“
აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.
„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.
სიახლეები
- ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
- „ლივერპულის” ფეხბურთელი, 28 წლის დიოგუ ჟოტა ავტოავარიას ემსხვერპლა
- “ამოღებულია 714,5 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეათადონი“ ფხვნილისა და გრანულების სახით” – სამ პირს ბრალდება წარედგინა
- “გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია“ - გურამ მაჭარაშვილი
- 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი