ამ გვერდის ამობედვა

კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად ასახელებს არა მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების შეზღუდვას მიღებული კანონებით, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილს. 

 

პარტიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება არის „შანტაჟი“ და „პროვოკაცია“, რომელსაც საზოგადოება "არ უნდა დაჰყვეს" და „არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“.

 

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. ამ საკითხზე ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა წერილი გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე. საუბარია რვა რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის:

 

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ ამ რვა პუნქტიდან რომელიმე ერთის შესასრულებლად მაინც.

 

საქართველო, სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს - საქართველოს მოქალაქეს ამ ქვეყნებში მოგზაურობისთვის არ სჭირდება ვიზა, რომლის აღებასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა და თვე დასჭირდეს. უვიზო მიმოსვლა იძლევა მოგზაურობის სპონტანურად დაგეგმვის შესაძლებლობას, წლების წინ გაყოფილი ოჯახების წევრებს კი ერთმანეთთან შეხვედრას უმარტივებს.

 

2024 წლის პირველი თვეებიდან კი „ქართულმა ოცნებამ“, პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო ორგანიზაციების, მოწყვლადი ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სამუშაო გარემო.

წაკითხვა 319 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 18 2025