“ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა” - შალვა პაპუაშვილი
საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები ვიხილეთ, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება წარმოადგენდა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე.
მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
“ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა.
გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.
სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.
საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს