ამ გვერდის ამობედვა

რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”

“აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას. ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, ტრამპი პოლიტიკურად განადგურდება. “მე მგონია, რომ პუტინმა ტრამპს ეს შეხვედრა დროის გაწელვის მიზნით შესთავაზა. სინამდვილეში ტრამპის ულტიმატუმის ვადა გავიდა და იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები არ მიეღო, ეს შესთავაზა - მოდი შევხდეთო. მგონი პუტინს გეგმაში არ აქვს, რომ ახლა იმ პირობებს, რასაც უკრაინა დათანხმდება, ცეცხლი შეწყვიტოს. მას კიდევ იმედი აქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე, შეიძლება სექტემბერშიც მოახერხებს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდებას.”, - აცხადებს გოგოლაშვილი, რომლის აზრით, “ამის მიუხედავად მისთვის თავის დაძვრენა ძალიან რთული იქნება და ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”.

 

“თუმცაღა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შეიძლება ნაწილობრივ მაინც მოხერხდეს. მაგალითად, შეწყდეს დაბომბვები ჰაერიდან და პუტინმა გააგრძელოს კვლავ უკრაინის ტერიტორიების შემდგომი დაპყრობის მცდელობა. ესეც შესაძლებელია, რომ მოხდეს. მთლიანად რომ შეწყდეს ცეცხლი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რუსეთსაც ცუდად აქვს საქმე, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ამიტომ თუ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, შეიძლება რამდენიმე თვის მერე ძალიან გაუჭირდეს საომარი მოქმედებების გაგრძელება. აქ ახლა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ტრამპმა ახსენა, რაღაც ტერიტორიები უნდა გაიცვალოსო და ა.შ. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებისა და ევროპელების მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხულია კიდე რაიმე ტერიტორიების დათმობა რუსეთისთვის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი.

 

“ამ მომენტში რუსეთი გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, აკონტროლებს კიდევ დაახლოებით 200 კვარდატულ კილომეტრ ტერიტორიას ხარკოვისა და სუმის ოლქში. ეს მაშინ, როცა მას პრეტენზია აქვს, რომ უკრაინამ მას უნდა ჩააბაროს დაახლოებით 24 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელიც კონსტიტუციაში შეიტანა, როგორც რუსეთის საკუთრება. აქ ტერიტორიების რაღაც პროპორციულ გაცვლაზე საუბარი ძალიან რთულია. თანაც უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ ტერიტორიებს, რომლისთვის იბრძოლა და ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს. ამიტომ ძნელი იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. თუმცა როგორც ვთქვი, გამორიცხული არაფერია. რაკი პუტინს ამხელა აშშ-ს პრეზიდენტი ჩაჰყავს ალიასკაში, ესე იგი რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოს, რომლის მერეც ტრამპი დაიტრაბახებს. თუ ამ მოლაპარაკებებმა სრული ფიასკო განიცადა, ეს იქნება ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

 

წაკითხვა 219 ჯერ

სიახლეები