ამ გვერდის ამობედვა

“არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი

ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, რომ დავთანხმებულიყავი წინადადებას და ჩავრთულიყავი საარჩევნო კამპანიაში, დავხმარებოდი იმ ძალებს, რომლის მიმართაც სამარცხვინო და აღვირახსნილი ბულინგი მიდის ოპოზიციური ფლანგიდან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა

 

ზაქარეიშვილის თქმით, ის უპარტიო კანდიდატია და პარტიულ პოლიტიკაში არ დაბრუნებულა.

 

„მე არ დავბრუნებულვარ პარტიულ პოლიტიკაში, ვარ უპარტიო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ისე, რომ არ ვარ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი, ამ პარტიამ შემომთავაზა, დავიკავო სერიოზული პოზიციები წინასაარჩევნოდ. როგორც ჩანს, მათთან კოორდინაციაში მყოფი მეორე პარტია - „ლელო“, ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა. აშკარად ჩანს, რომ გარკვეული შიდა კოორდინაციაა. ცალსახად, მკაფიოდ, „25“ ნომერს წარმოვადგენ. ეს არ არის ორპარტიული კანდიდატი, ეს არის ერთი პარტიის კანდიდატი, რომელიც შეთანხმებულია და მეორე პარტია ინფორმირებულია.

 

დასრულდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები, იმავე ღამეს ვთქვი, რომ ჩვენ ვნახეთ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ვნახეთ მინუსები და პლუსები როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“. ვთქვი, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ადგილობრივი არჩევნები იქნება. თუთიყუშივით ვიმეორებდი ერთი და იმავეს - „ტემპერატურა არ უნდა დავარდეს“. საჭიროა, გავითვალისწინოთ ჩვენი და მათი შეცდომები და უკვე ახალი გამოცდილებით შევიდეთ ადგილობრივ არჩევნებზე. ეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოასწრებს ახალი სტანდარტების დადგენას გაყალბებაში.

 

საბოლოო გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავი პარტიულ პოლიტიკაში, იყო ის აღვირახსნილი კამპანია, რაც წამოიწყო არა „ოცნებამ“, რაც თავისთავად ბუნებრივია, იმიტომ, რომ ავტორიტარული მმართველობაა და ვერ იტანს ვერანაირ ოპოზიციურ ძალას. ეს შიგნით, ოპოზიციაში „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ წამოიწყო. ბოიკოტი შენი უფლებაა, პირიქით კარგიც კია, რადგან თვითონ განერიდე იმ ძალებს, რასაც „ქართული ოცნება“ აბრალებდა, რომ ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიანო. „ლელოს“ და გახარიას აბრალებდნენ და უცებ გაემიჯნა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ არ მონაწილეობას ორი დიდი პლუსი აქვს. ერთი - ადასტურებს, რომ არაფერი საერთო არ აქვს „ლელოსთან“ და გახარიასთან და მეორე - რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბრუნდება.

 

ის აღვირახსნილი ბულინგი უკვე ჩემს წინააღმდეგაც დაიწყო. როგორც მათ აქვთ უფლება, ისაუბრონ ბოიკოტზე, ვიღაც პაატა ზაქარეიშვილს, პეტრეს, პავლეს ასევე, უფლება აქვთ, ისაუბრონ არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

აღვირახსნილი კამპანია იყო ჩემ წინააღმდეგ. მაგალითად ანა წითლიძისადა ამ კატეგორიის ადამიანებიდან. მე მივხვდი, რომ მორჩა, მათ ჩამრთეს პოლიტიკაში. მე მოვიხსენი ვალდებულება. ამდენი ხანი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვაკრიტიკებდი. მათ რომ მართლა აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია, წარმოგიდგენიათ როგორ გაანადგურებენ ყველა განსხვავებულ აზრს? ეს ხომ წმინდა ბოლშევიკური პარტიაა, როგორც „ქართული ოცნება“. ამ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, რომ დავთანხმებულიყავი წინადადებას და ჩავრთულიყავი საარჩევნო კამპანიაში. დავხმარებოდი იმ ძალებს, რომლის მიმართაც სამარცხვინო და აღვირახსნილი ბულინგი მიდის, სწორედ რომ ოპოზიციური ფლანგიდან. იმედია, ჭკუა ეყოფათ და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩაქოლონ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები არის პლატფორმა რეალური ცვლილებებისათვის.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე გახდა იუსტიციის მინისტრი. ზღაპრებს არ გიყვებით, მასთან ერთად ვიყავი, ერთად შევედით ციხეებში. ის თითქოსდა, დღევანდელი გაგებით, სამარცხვინო ნაბიჯზე წავიდა, შევიდა შევარდნაძის მთავრობაში და დაიწყო რყევები. შემდეგ, ერთად წავედით საკრებულოში. ამ დროს საქართველოში ჯერ არაფერი იცვლება. დღეს ჩვენი ოპონენტები ხალხს ეუბნებიან, რომ ამ არჩევნებით არაფერი შეიცვლებაო. მართალია, ადგილობრივი არჩევნებით არაფერი იცვლება, მაგრამ ადგილობრივი არჩევნების შედეგები არის პლატფორმა რეალური ცვლილებებისათვის. ამიტომ, არ დაუჯეროთ ხალხო იმ ზღაპრებს, თითქოს ადგილობრივი არჩევნებით არაფერი არ იცვლება.

 

გავიმეორებ ჯინაზე, რომ გარდა პოლიტიკისა, ქვეყანაში არის კანალიზაციის პრობლემებიც! კეთილი ინებონ და 4 წელიწადში ერთხელ, ორი თვე დავკავდეთ ჩვენი შიდა საკითხებით“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

 

ზაქარეიშვილის მოსაზრებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შანსები ქუთაისში მაღალია, რადგან მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ არაპოპულარული, უსახო პიროვნება დააყენა, რომლის გვარიც ქუთაისის დიდმა ნაწილმა არ იცის“.

 

„ქუთაისელებს გარანტიას ვაძლევ, მოკვდები და ქუთაისი გახდება სანიმუშო არაკორუმპირებული ქალაქი, სადაც ვერანაირი კლანურობა ვერ გაიმარჯვებს“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

 

გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა ისაუბრა ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებაზეც, არ გამოგზავნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მონიტორების მისია, რადგან „საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის“. ზაქარეიშვილის თქმით, „ეს პასუხი მოსალოდნელი იყო“.

 

„ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდა, რომ ეუთო/ოდირი ვერ მოასწრებდა ჩამოსვლას, ანდა თუ მოასწრებდა 2-3 კაცს გამოაგზავნიდა. კარგია, რომ ოდირი არ წამოეგო ამ ანკესს და არ ჩამოვიდა“,- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

წაკითხვა 264 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2025