ამ გვერდის ამობედვა

“გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა – ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას” - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაშიფრული სქემაა, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, უცხოური ძალების მხრიდან აგენტურული ქსელის შესაქმნელად ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა.

ამის შესახებ მან, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ციკლი აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის საშუალებით ტარდება.

 

„მარიონეტები არიან. ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა – ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებოდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის სჭირდებოდათ ეს ქსელი? იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ, თავად იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ – გლობალური ომის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. იმ აგენტურის საშუალებით, რომლის შესაქმნელადაც ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ა.შ. გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე შეფასებით, უსიამოვნოა ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ისმის.

 

„არ ვიცი, რამდენად გამოსწორდებიან. უკვე ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი დაპირება რაც გასცა, „დიფ სთეითის“ დამარცხება იყო, მეორე დაპირება კი ომის დასრულება. ჯერ არც ერთი დამთავრებულა და არც მეორე არ დაუმარცხებია. პროცესი მიდის, რაშიც ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასე მოხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო, საქართველო გვადარდებს, რადგან ის არასწორი დამოკიდებულება, რაც აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს გარედან – მათი ყველა განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებითაა შემოფარგლული, არასასიამოვნოა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

წაკითხვა 239 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 23 2025

სიახლეები