"ჯერჯერობით, ზეიმს არ ვჩქარობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ 20:00 საათზე აუცილებლად მოგვიწევს" - ირაკლი კობახიძე
ჯერჯერობით, ზეიმს არ ვჩქარობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ 20:00 საათზე აუცილებლად მოგვიწევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, გამარჯვების შემთხვევაში, მიიღებს თუ არა აღნიშვნაში მონაწილეობას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა: „მოდით, ეს ჩვენს სიურპრიზად დავტოვოთ, ჩვენც გვინდა ჩვენი სიურპრიზი“.
„ჩვენ, ჯერჯერობით, ზეიმს არ ვჩქარობთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ 20:00 საათზე, აუცილებლად მოგვიწევს ზეიმი. თქვენ იცით, რომ სტანდარტულად ასეთი სახით აღვნიშნავთ ხოლმე არჩევნებში გამარჯვებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მხარდამჭერი. წინა არჩევნებზე დაფიქსირდა მილიონ 120 000 ამომრჩევლის მხარდაჭერა. აქაც, დაახლოებით, იმავე შედეგს ველოდებით. ეს არის საერთო სურათი, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის.
რაც შეეხება აღნიშვნას, ამას აქვს თავისი სტანდარტული ტრადიცია და ამ ტრადიციას მივყვებით. რაც შეეხება ხალხთან ერთად ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, ამას გავაკეთებთ შემდეგი 3 და 4 წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ, ხალხთან ერთად, ყველა ერთად აღვნიშნავთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ძალიან შთამბეჭდავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც იყო ხალხთან ურთიერთობაში. [ოპოზიციას] კამპანიებიც კი არ ჩაუტარებიათ. ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ჰყავდა რადიკალურ ოპოზიციას, ქუთაისშიც კი არ ჩასულა. წარმოიდგინეთ, ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი, მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან. არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან - მუდმივი ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შემდგომაც“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლო გამარჯვების აღნიშვნას, რატომ არ გეგმავს „ქართული ოცნება“ ქუჩაში და არის თუ არა ამის მიზეზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, კობახიძემ უპასუხა: „მოდით, ნუ წვალობთ, დაელოდეთ ჩვენს ზეიმს და დაელოდეთ საკუთარ ტრაგედიას“.
„წელს ვაკეთებთ იმისგან განსხვავებულ რამეს, რაც გავაკეთეთ ან შარშან, ან 2021-ში, აბ 2020-ში. გამოდის, რომ თქვენი შეკითხვა არარელევანტურია, რადგან დაუკავშირეთ აქციას, რომელიც არ იყო შარშან. შარშან არ იყო აქცია, მაგრამ იმავე ტრადიციით აღვნიშნეთ. მოდით, ნუ წვალობთ, დაელოდეთ ჩვენს ზეიმს და დაელოდეთ საკუთარ ტრაგედიას“,- აღნიშნა კობახიძემ.
სიახლეები
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი
- „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
- საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა