,,იმედი მქონდა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ცოტა მაინც გავიზარდეთ, მაგრამ პირიქით მოხდა – გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ"- ვახტანგ ძაბირაძე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფასებს.
,,ძალიან ძნელი ასახსნელია ეს ყველაფერი. მე, პირადად, გამუდმებით ვამბობდი, რომ საზოგადოება არ იყო მზად რადიკალური ქმედებებისთვის და ამასთან, იყო ძალიან დიდი ალბათობა, რომ მოხდებოდა პროვოცირება. ამ ორივეს გაერთიანება ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი იერიშის დროს. როდესაც ვამბობდი, არ მივიღოთ დემოკრატიის ნაცვლად უფრო კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი-მეთქი, სწორედ ამ საფრთხეებს ვგულისხმობდი. კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ მოხდება იდენტიფიცირება და დაიწყება დაპატიმრებები, და დაიწყო კიდეც – ანუ ყოველივე ის, რატომაც მოვუწოდებდი ოპოზიციას და საზოგადოებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად-მეთქი, ახდა. ჯერ ორგანიზატორები არიან დაპატიმრებული, მაგრამ, ალბათ, დაიწყება უფრო მეტი ხალხის დაპატიმრება და თან ისე, რომ ხელისუფლებას ექნება თავის გასამართლებელი არგუმენტი.
ითქვა, რკინის ღობე არ ყოფილა გამაგრებული, ხელისუფლებამ სპეციალურად ხომ არ გააკეთა ესო. შეიძლება გააკეთა კიდეც, მაგრამ როცა ორგანიზებას აკეთებ, ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგო. აღარაფერს ვამბობ იმ დეკლარაციაზე, რომელიც ბატონმა ბურჭულაძემ წაიკითხა. არ ვიცი, რომელ პარტნიორს თუ პოლიტიკოსს შეიძლება ვაჩვენოთ ის, რაც იქ ეწერა. იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ… რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმედი მქონდა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ცოტა მაინც გავიზარდეთ, მაგრამ პირიქით მოხდა – გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუ გვგონია, ეს რაოდენობა კი არა, სამი ამდენიც რომ შეკრებილიყო და ვიღაცას რაღაც დეკლარაცია წაეკითხა, ამის გამო ხელისუფლება გაიქცეოდა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მივიღეთ ის, რაც ყველაზე მომგებიანია ხელისუფლებისთვის! დაიწყება რეპრესიები და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც მეტ-ნაკლები გავლენა ჰქონდათ საზოგადოებაში და ცდილობდნენ “ნაცმოძრაობისთვის” მიეწებებინათ, ამაში მოჰყვება. კობახიძემ თქვა კიდეც, რომ რაც მოხდა, დამატებითი საფუძველი იქნება საკონსტიტუციო სარჩელისთვის. ოთხი პარტიის აკრძალვას აპირებენ.
საქმე გვაქვს უკიდეგანო პოლიტიკურ სიბრიყვესთან, ან ეს არის პროვოცირებაში მონაწილეობა. საქმე ის არის, ეს რომელმა მოაწყო _ ხელისუფლებამ, ოპოზიციამ თუ ორივემ ერთად… მთავარი ის არის, საზოგადოება, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს, რა მდგომარეობაშია… პოლიტიკურად კიდევ უფრო დაბლა დავეშვით, ვიდრე 1990-იანებში ვიყავით. მაშინ იყო ერთ-ერთი შეკრება, სადაც ერთმა კაცმა – გვარს არ დავასახელებ, რადგან ის კაცი გაქრა ეროვნული მოძრაობიდანაც და პოლიტიკიდანაც, თქვა, – თავს რატომ ვიკლავთ, ძალიან მარტივია დამოუკიდებლობის მიღება, დავბეჭდოთ ქართული პასპორტები, გადავყაროთ რუსული და ვიქნებით დამოუკიდებელიო. ეს განცხადება იმისგან, რაც გააკეთა ბურჭულაძემ, რამით განსხვავდება? მაშინ მას დავცინეთ და გავიარეთ, დღეს კი დამცინავიც არ აღმოჩნდა არავინ, მოედანზე შეკრებილი ამდენი ხალხი აღტაცებით შეხვდა იმას, რომ თურმე ხელისუფლება გადმოვიბარეთ, და არა მარტო გადმოვიბარეთ, შსს-ს დავავალეთ, რომ ის 6 კაცი სასწრაფოდ დაეპატიმრებინა. ამის შემდეგ კი ჩავთვალეთ, რომ შეგვეძლო პრეზიდენტის სასახლის აღება. არ ვიცი, ამის ფონზე კიდევ კარგად როგორ ვართ?!
როდესაც საზოგადოების ასეთ რაღაცაზე წამოგება შეიძლება, იქ უკვე მთლიანად საზოგადოებას აქვს პრობლემა და არა კონკრეტულ პერსონებს. ჩვენ ვერ შევძელით პოლიტიკურად გავზრდილიყავით და ვიმკით იმას, რაც ჩვენი უმწიფრობის შედეგია. ამ პროცესმა მეტ-ნაკლებად გამოკვეთა პოლიტიკური პარტიების ჯგუფი, რომლებმაც გაუძლეს ამ შტურმს და ზეწოლას – “ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რუსი და ივანიშვილთან შეკრულიაო”. ამ გაძლებამ მესამე ძალის შექმნის მეტ-ნაკლები კონტურები მოხაზა. თუ შეძლებენ, რომ ეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ, შესაძლოა ეს გახდეს რაღაცის მომტანი. შეიძლება გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც კომპენსირებას გაუწევს და შეცვლის ქვეყანაში განწყობებსაც და სიტუაციასაც. თუ ვერ მოხერხდა, ვიტრიალებთ იმ წრეზე, რაშიც ეს 35 წელია ვტრიალებთ… მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა იმ პირთა მიმართ, ვინც აქციაში მონაწილეობდა, ეს არის ის ხალხი, ვინც არის პროტესტანტი. რამდენიც არ უნდა დააპატიმრონ, ამით მათ განწყობებს ხელისუფლება უფრო გააძლიერებს. ამიტომ ეს ჯგუფი მაინც მუდმივად იქნება ლიდერის ძიებაში და, თუკი შეიქმნება კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფი, მაშინ მეტ-ნაკლებად მოხდება დაბალანსება. ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი”, – განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.
სიახლეები
- “ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო “საშინლად დაბალი”, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს – “ოცნებამ” მომავალი 4 წლით “დაიკანონა” მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში” - კახა გოგოლაშვილი
- “2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ” - კახა კალაძე
- “რთულია, ვინმემ დაინახოს „ლელოს“ ჭკვიანური ინვესტიცია პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, პარალელურად, ბევრ ფულს შოულობს ხაზარაძე პოლიტიკაში ყოფნისას” – ხვიჩია
- “ელჩი რომ არ გამოვა და ასეთ ცეცხლწაკიდებულ, ღობედანგრეულ პრეზიდენტის სასახლესთან კომენტარს არ გააკეთებს, ნიშნავს, რომ ეს სწორედ მათი მხრიდანაა დაფინანსებული” – მაჭარაშვილი
- ჰიმალაის რეგიონში შტორმს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა