ამ გვერდის ამობედვა

“შესაძლოა, მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის – ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი” - კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 4 ოქტომბერს კონკრეტულმა პირებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, რასაც კანონის ფარგლებში, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თვეების განმავლობაში მზადდებოდა, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღკვეთეს.

 

„უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა – მთელი თვეების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით კამპანია მიმდინარეობდა და კონკრეტულმა პირებმა, დაჯგუფებებმა ამის სისრულეში მოყვანა სცადეს. ეს ყველაფერი ასე მარტივად არ ჩაივლის. შესაძლოა, მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის. შესაბამისად, ვაფრთხილებდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა ეს მაინც გააკეთეს, რაც თავიანთი გადაწყვეტილებაა. ჩვენ, ყველანი საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი ვართ. ეს მათი არჩევანია. ამ ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, ცხადია, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

სხვადასხვა ქვეყნიდან აქციის მონაწილეების წახალისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გასაკვირი არაფერია, რადგან ექსტრემიზმი და საზოგადოების გახლეჩა სწორედ უცხო ქვეყნებიდან ფინანსდება.

 

„არ უნდა გაგვიკვირდეს, მეგობრებო, რადგან ყველა უბედურება, რაც კი ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, მოდის მათი ჩართულობით. ეს ყველაფერი არის გარედან თავსხმოხვეული. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურული ქსელი. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან, რიგებში დასაქმებული ადამიანები ვინ იყვნენ, ვინ არიან? ჩვეულებრივად აგენტურული ქსელი იქმნებოდა წლების განმავლობაში და როდესაც დაჭირდებოდათ, ნებისმიერ დროს შეეძლოთ, „აეყირავებინათ“ ნებისმიერი ხელისუფლება. ჩვენ გავშიფრეთ ეს ყველაფერი, ხელის გულზე დავუდეთ საზოგადოებას და მივაწოდეთ რეალური ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი. დღეს გაგიჟებულები, გაბრაზებულები არიან ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა ამომრჩეველმა მათ უთხრა არა, მიუჩინა შესაბამისი ადგილი, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ხალხი ძალიან კარგად აანალიზებს და არჩევს თეთრს და შავს – ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ მტერი. გაიხსენეთ ზოგიერთ ელჩის განცხადება. ჩვეულებრივად ძალადობას ახალისებენ, ხელს უწყობენ მოძალადეებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

წაკითხვა 92 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 09 2025