თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას, ასევე, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.
„დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.
როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.
სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს - დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!
არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.
როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.
როგორც პოლიტიკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას”, - წერს ჩერგოლეიშვილი.
„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“.
სიახლეები
- გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია
- დონალდ ტრამპი ისრაელშია
- ,,ჰამასმა” ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული მძევლების გათავისუფლება დაიწყო
- ,,იმ ოჯახების უბედურებაზე, რომელთა წევრები დაიჭირეს და სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ,,ნაცმოძრაობამ” – გია ვოლსკი
- ,,სანამ ბრიუსელი არ დაგმობს მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად” – შალვა პაპუაშვილი