ამ გვერდის ამობედვა

ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო შემაჯამებელ პრესრელიზს ავრცელებს.

ელინა ვალტონენი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, 14-15 ოქტომბერს სტუმრობდა.

 

როგორც ეუთოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მაღალი დონის შეხვედრებისას, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შედგა, ელინა ვალტონენმა თანამოსაუბრეები დაარწმუნა ეუთოს უცვლელ მხარდაჭერაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ.

 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრმა ვალტონენმა 2008 წლის ომის ხანგრძლივი შედეგები იხილა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს.

 

„გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ კრისტოფ შპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ მხრივ“, – განაცხადა ვალტონენმა.

 

პრესრელიზის თანახმადვე, ელინა ვალტონენმა ხაზი გაუსვა ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და ეუთოს ინსტიტუტების შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიულ მმართველობასა და შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომლებიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის სივრცეს.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები დემოკრატიული მდგრადობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა არიან. ისინი უსამართლობას ებრძვიან, ინოვაციებს უწყობენ ხელს და ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულებას ითხოვენ.

 

მათი ხმა არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, ისინი დაცული უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა აღადგინოს“, - ეუთო შემაჯამებელ პრესრელიზში აქვეყნებს ვალტონენის ციტატას.

 

15 ოქტომბერს, დილით, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო გააუქმა“.

წაკითხვა 201 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 15 2025