ამ გვერდის ამობედვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ

პარლამენტმა 80-ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

„ქართული ოცნების“ კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გავიდა. მანამდე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

 

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ - მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

 

ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა დაეკისრება.

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას მოითხოვს.

 

გორდულაძის თქმით, „ამის შემდეგ პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება”.

 

გორდულაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკასთან. მისივე განცხადებით, ევროპის არა ერთ ქვეყანაში არა ერთი პარტიაა აკრძალული და არა ერთ პირს შეზღუდული აქვს პოლიტიკური აქტივობა.

 

„ვხედავთ, რომ 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები, რომლებიც რეალურად ერთი პარტიაა, სხვადასხვა სახელით, სიმბოლიკით და ფერის გამოყენებით, კონსტიტუციაში მითითებულ პარტიის აკრძალვის ყველა საფუძველს აკმაყოფილებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენებია საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს. ის მავნებლობები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი, ასახულია როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი. ამიტომაც, უკვე მეათედ, საქართველოს საზოგადოება, ქართველი ხალხი უარს ეუბნება „ნაცაგენტურის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

„ქართული ოცნების“ ინიციატივით ცვლილებები “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.

 

აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.

წაკითხვა 139 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 15 2025