ამ გვერდის ამობედვა

"ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების დღევანდელ ანგარიშში საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი.

როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.

„გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს.

„ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს, გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 122 ჯერ

სიახლეები