ამ გვერდის ამობედვა

,,ყველაფერზე არსებობს ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით და სტრასბურგის პრაქტიკით არგუმენტირებული პასუხი"- შალვა პაპუაშვილი

„ყველაფერზე არსებობს ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით და სტრასბურგის პრაქტიკით არგუმენტირებული პასუხი და მოუწევდათ გაჩუმება ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩაშალეს შეხვედრა, რომ გაჰქცეოდნენ საუბარს და ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას.

„რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხზე დიალოგს, ეს ხომ ის თემაა, რომელზეც რომ ჰკითხო ბრიუსელს, ყველაზე მეტი საპრეტენზიო შეიძლება ჰქონდეთ. რომ ჰკითხო ბრიუსელს, იქ ჩავიდეს ჩვენი დელეგაცია, გაატარებდნენ წნეხის ქვეშ და ფაქტებს ფაქტებზე დაუდებდნენ. ეს ხომ მათთვის ტრიუმფი უნდა ყოფილიყო?! სხვა სალაპარაკო და პრეტენზია ჩვენთან დაკავშირებით ხომ არ აქვთ?! ჩავიდოდა ჩვენი დელეგაცია და ეტყოდნენ ყველაფერს – მზია ამაღლობელიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დამთავრებული. ხომ მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო?! მაგრამ – არა. იცით რატომ არა? იმიტომ, რომ ზუსტად იციან, მათ შორის კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, რასაც იტყოდნენ. ყველაფერზე არსებობს ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით და სტრასბურგის პრაქტიკით არგუმენტირებული პასუხი და მოუწევდათ გაჩუმება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

სწორედ ამას გაექცნენ და რომ ვერ მოძებნეს მიზეზები, ჩაშალეს შეხვედრა, რომ გაჰქცეოდნენ საუბარს და ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას. შემოვლითი გზებით ახლა რაღაც საბაბებს ასახელებენ. ოფიციალური განცხადებები ჩვენ არ მოგვისმენია. ამხელა ინსტიტუციაა და ასე ჟონავს [ინფორმაცია]?! ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან გამოჟონავს ინფორმაცია. თუ სათქმელი აქვთ, თქვან. ჩემმა კოლეგამ თქვა გუშინ და მართლა ერთი ადგილი თუ აქვთ, სათქმელი თქვან. ვინ გველაპარაკება? – ის ბრიუსელი, რომელსაც წამების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა როგორც საუკეთესო პარტნიორი?! საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს. „დემოკრატიის შუქურად“ რომ მოიხსენიებდნენ სააკაშვილს, რომელიც მათ კორიდორებში დადიოდა, ესენი საერთოდ როგორ ბედავენ, რომ გვესაუბრონ რაიმე ღირებულებთან დაკავშირებით?!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 92 ჯერ