,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
არ ვაპირებთ, ანგარიში ვაბაროთ რომელიღაც ქვეყნებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი მართლმსაჯულებით, ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხონჩით ჩააბაროს სუვერენიტეტი.
„ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ახლა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხონჩით ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი, მართლმსაჯულება, არჩევნები და ა.შ.
საბჭოთა მოსკოვს რომ გავურბოდით, იმას არ ვფიქრობდით, რომ ტალინის გავლენების ქვეშ უნდა ვყოფილიყავით. ყველას მოუწევს, რომ პატივი სცეს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას.
ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის ნაწილი და ამ მხრივ ჩვენი ანგარიშვალდებულება გვაქვს – ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო. რამდენჯერ ევროკავშირმა და ევროკავშირის ელჩმა რაღაც დაგვაბრალა, ყველაფერში დამარცხდა, – გინდა სააკაშვილის საქმეზე, გინდა მელიას საქმეზე, „რუსთავი 2-ის“ საქმე, სხვა საქმეები – ხომ გვაბრალეს ეს ყველაფერი, ხომ დამარცხდნენ თავადვე და ხომ არავის ბოდიში არ მოუხდია ამისთვის.
საქართველოს წინააღმდეგ უკვე რამდენი წელია ამ მავნებლობას აქვს ადგილი, ახლაც იგივე მავნებლობას ვხედავთ ამ პირველი მსოფლიო ომის შხამ-ქიმიკატებთან დაკავშირებით. ამ მავნებლობას რომ ჩადიან, მერე ხელს დაიბანენ და გაიპარებიან ხოლმე და ხმას არ იღებენ. ეს ერა დამთავრდა, როდესაც ჩვენ გული გადავუშალეთ, სული გადავუშალეთ, მეგობრობა შევფიცეთ და, საპირისპიროდ, მივიღეთ ხელების ფათური ჩვენივე ოჯახში, წესრიგის დამყარების სურვილი გარედან და გენერალ-გუბერნატორებად წარმოდგენა საქართველოსი. ჩვენ არავისთვის ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებთ შიდა საქმეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია