ამ გვერდის ამობედვა

ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”

“გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია “გახარია საქართველოსთის”.

ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ “თანხმობის დოკუმენტის” მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას? “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ერთობაში ჯერჯერობით რვა პარტიაა და მნიშვნელოვანია, რომ მას დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”.

“ზურა ჯაფარიძე ყველა პოლიტიკურ აქტორს შეხვდა და მათთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამასთან, “კოალიცია ცვლილებისთვის” სამივე პარტიას: “ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” - სხვა ხუთ პარტიასთან ერთად გვაქვს მნიშვნელოვანი თანხმობა და მნიშვნელოვან პირობებს ვათანხმებთ ერთმანეთთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პრინციპებზე, ბრძოლის სტრატეგიაზე (ერთობა). დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ამ ქვეყანაში არის ოპოზიცია. ამ ერთობაში ვართ რვა პარტია და მნიშვნელოვანია, რომ დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც. ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე შეხვდა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ფედერალისტების” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ლელოს” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “თავისუფლების მოედნის” წევრებს და ლიდერებს. ყველას შეხვდა. მნიშვნელოვანია, რომ შედგეს პოლიტიკური პარტიების თანხმობა. განსხვავებები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა თევზაძემ, რომლის თქმით, გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განიხილავს, ხოლო “ლელოსთან” ვერ იქნება თანხმობა “თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში “ლელოს” სხვა სტრატეგია ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვერ ვიქნებით თანხმობაში, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში “ლელოს” აქვს სხვა სტრატეგია და ჩვენ გვაქვს სხვა სტრატეგია. ეს გამოჩნდება, ჩემი აზრით, ეს არის მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავი. 8 პარტია აკეთებს მონახაზს და ექნება უახლოეს მომავალში. გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განვიხილავ - მარტო იმიტომ კი არა, პარლამენტში რომ შევიდნენ, გადამწყვეტი არის ის, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ “ქართული ოცნებისთვის”. უბრალოდ ვერ მოახერხეს. პარტიებს შორის ერთობა რომ შედგეს, უნდა შედგეს “თანხმობის დოკუმენტი” და მის ჩარჩოზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც შედეგამდე მივალთ. ოპტიმისტურად ვუყურებ”, - ამბობს თევზაძე. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ერთობა თუ შედგება, რაც გამორიცხული არ არის, პოლიტიკურ პროცესებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ვარაუდობს, რომ ასეთი გაერთიანება ოპოზიციის ელექტორალურ გაფართოებას ვერ გამოიწვევს”, - დასძენს გამოცემა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეცდებიან რაღაც სხვა აბრები შექმნან, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, რომ აი, ისევ სააკაშვილის პარტიაა და ა.შ. ამას სულ ცდილობდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომ ამ ერთობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა ექნება და არჩევნებში სერიოზული ქულებით გაიმარჯვებს. იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ძლიერი იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“თუ ამას პოლიტიკური კი არა, არამედ საზოგადოებრივი თვალით შევხედავთ, ან “ნაციონალური მოძრაობა” აღდგება, ან მისი რეაბილიტაცია მოხდება. ამ 8 პარტიიდან, “თავისუფლების მოედნის” გარდა, ძირითადად ყველა ყოფილი “ნაცმოძრაობის” წევრები არიან. პარტიების გაერთიანებაზე როცაა საუბარი, ერთობა კიდევ ნაკლებად პრობლემატურია, საკითხავია ეს გაერთიანება ელექტორალური თვალსაზრისით გააძლიერებს მათ, თუ არა. ჩემი აზრით, ამ გაერთიანებას იგივე შედეგი ექნება, რაც ცალ-ცალკე ჰქონდათ ამ პარტიებს. ასე რომ, ეს გაერთიანება ელექტორატის გაფართოებას არ გამოიწვევს. მაინც კარგია, თუ ასე მოხდა, რადგან მსხვილი გაერთიანება იქნება, თუმცა სხვა მხრივ არაფერს შეცვლის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე” - “რამდენად რეალურია გაერთიანება იმ ფონზე, როცა 8 პარტიიდან ზოგიერთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან?” - პასუხობს:

“აქ უკვე მეორე საკითხია, რადგან შემოდის სააკაშვილის ფაქტორი, რომელსაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. სააკაშვილი რომ ამტკიცებს, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ვის სჯერა? ეს გაერთიანებას აბრკოლებს. მეორეც, ერთობის მიზანი რა არის თუ აგვიხსნიან, მერე შეიძლება კიდევ რაღაცაზე ვიფიქროთ. ამიტომ, როცა სხვადასხვანაირი მიდგომებია ცალკე პერსონების მიმართ და ცალკე სტრატეგიული გეგმის მიმართ, რომც გაერთიანდნენ, აზრი აქვს? არც ის მგონია, რომ ეს გაერთიანება მაინცდამაინც სწრაფად მოხდება”.

წაკითხვა 56 ჯერ