“საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
“იმ ყველაფერს, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ძალიან გვინდა მათი განცხადებების დავიჯეროთ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”... ავიღოთ, მათივე თქმით, “ჯანსაღი დებატებისკენ” მოწოდება. ამისთვის მხოლოდ განცხადებები არ კმარა, ამას სჭირდება შესაბამისი პირობებისა და ფონის შექმნა. მაშინ, როდესაც წინადღეს დებატების დაბრუნებაზე ლაპარაკობ და მეორე დღეს ვხედავთ რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედებას სასამართლოს სხდომათა დარბაზებში, ეს ნამდვილად ვერ ქმნის იმის პირობებს, რომ ვინმემ დაიჯეროს ხელისუფლების და მასთან დებატებს დათანხმდეს”, - აცხადებს პოლიტიკური ინიციატივის “ჯერ საქართველო” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს...”
“ჯერ საქართველო” იმავე საღამოს გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, მაგრამ დებატებს აქვს თავისი წესი, წანამძღვრები, რის გარეშეც ის ფიქციაა. ამასთანავე, თუ მართლაც გინდა ჯანსაღი დებატების გამართვა, ის უნდა გაიმართოს არსებული ხელისუფლების პირველ პირებთან. ისე არ უნდა იყოს, რომ შეიქმნას მხოლოდ ილუზია, ეფექტი, რომ არის დებატები, რომ ეს იყოს მხოლოდ ემოციების ნიაღვარი, მხოლოდ ოპტიკის შექმნა, რომელსაც შემდგომ “ქართული ოცნება” სათავისოდ “გაყიდის” უცხოეთში, როგორც პოლიტიკური პროცესების “განორმალურების” ტენდენციას. ყოველივე ის, რაც კობახიძის განცხადების შემდეგ მოვისმინეთ “ქართული ოცნებისგან”, ჩემი აზრით, ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს, საბოლოოდ კი ეს გულწრფელი განცხადება არ არის. ასეთივე განცხადებები მოვისმინეთ ცალკეული სასულიერო პირებისგან. მოწოდებები შერიგებისკენ გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ერთხანს ძალიან ენერგიულად უჭერდნენ მხარს “ქართული ოცნების” კურსს. “ოცნების” წიაღში მიმდინარე პროცესებმა გაახსენა მათ, რომ დადგა შერიგების დრო. მოკლედ, ამ მოწოდებების რეალურ მოტივებზე სერიოზული კითხვები იბადება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.
“ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია. შეიძლება ითქვას, ის, რასაც პოლიტიკას ვუწოდებთ, ქვეყანაში აღარ არსებობს. დიახ, არის გულწრფელი ემოციები, არის განცხადებები, მოქმედებები, მაგრამ ამას მწყობრ, სტრუქტურირებულ პოლიტიკას ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სწორედ ოპოზიციურ სპექტრს, თორემ ხელისუფლება რასაც აკეთებს, კი ვიცით - მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა ჩაკვდეს, რათა შესატყვისი პოლიტიკური ინსტრუმენტები გაუქმდეს. არადა, ამ ინსტრუმენტების აღორძინება, დანერგვა და ეფექტიანად გამოყენება არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა. დღეს ვცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ინდივიდუალური თავდადება ვერ გადაწონის ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ მიდგომას. პარტიული ოპოზიციური სპექტრი ვერ უმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. არავინ არავის ნიშნს არ უგებს და არც ჩასაფრებული ვარ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა.”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიციური სპექტრში კრიტიკულად გადააფასონ განვლილი პერიოდი და თუ მათი რესურსი არ არის საკმარისი ძირეული ცვლილებებისთვის, იფიქრონ დამატებით რესურსზე. ეს შეიძლება იყოს აღმოცენებადი პარტიული სტრუქტურები, მე მათ ვუწოდებდი პოლიტიკურ სტარტაპებს, რომელთა ჩამოყალიბებისა და პოლიტიკურ პროცესში შესვლის დრო უკვე დადგა. აქედან გამომდინარე, თუ ახალი მოთამაშეების ჩამოყალიბების პროცესი იქნება მზარდი, მე არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებდი, არ შეუშალონ ხელი მას. ეს არ უნდა გადაიქცეს შიდა კონკურენციად და კინკლაობად, რადგან ეს საერთო მიზნებს დააზიანებს. არ ჩამითვალოთ ზედმეტობაში, მაგრამ ასეთ სტარტაპად მივიჩნევთ ჩვენს პოლიტიკურ ინიციატივას “ჯერ საქართველო”. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ვერც ერთი ცენტრი თუ ჯგუფი ვერ აიღებს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი მთავარი დევიზი, რომ “ძალა ერთობაშია”, უნდა გამოიხატოს იმ პროცესშიც, რომელიც პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფებას ემსახურება. რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად უნდა მოხდეს განახლებული ენერგიის, რესურსის შედინება”, - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს" ლიდერი.
“ბარემ აქვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დროის დეფიციტი, რაც განპირობებულია გარე კონიუნქტურით, ხდება უამრავი რამ როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა და ჩვენი ქვეყანა არსად, არც ერთ დიდ თუ პატარა თემასთან კავშირში არ ფიგურირებს. პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ისეთი მწარე რეალობის წინაშე, როდესაც “ოცნებამ” და მასთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ქვეყანა მოაქციეს საკუთარ თავთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ასეთი მდგომარეობა, როდესაც თავი მართალი გგონია და მთელი მსოფლიო თურმე შენთან მტყუანია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაადგება ვერც ქვეყნის უსაფრთხოებას და ვერც მის განვითარებას... რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რომ არავინ გვეხმიანება, არავინ გვახსენებს? გლობალურ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ ჩვენს სიახლოვეს, მთლად ყურის ძირში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის და რატომ თუნდაც მოკითხვის, კონსულტაციის ან ინფორმირების დონეზე მაინც არავინ ურთიერთობს საქართველოს ხელისუფლებასთან? როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევენ ანგარიშგასაწევ პარტნიორად”, - დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი და შეკითხვაზე - “ეს ყველაფერი რას მოუტანს ქვეყანას, ზანგეზურის დერეფნის პროექტი მალე რეალობად იქცევა...” - პასუხობს:
“ამ კორიდორის მშენებლობა და საზოგადოდ, აშშ-ის კავკასიისადმი ინტერესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია კითხვა, რას მოუტანს ეს გზა საქართველოს, იქნება თუ არა მომგებიანი ჩვენთვის? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასიხარულო არაფერი გვაქვს. ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში და მოუმზადებლები ვხვდებით, კარგს არაფერს გვიქადის”.
“მივიწყებულ ქვეყანას ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია, ასეთი მცირე რესურსებისა და ამდენი საფრთხის მქონეს, ემუქრება უსაფრთხოების სრულად განულება, განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაზე უარის თქმა, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნა. ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევა გადის მის ფუნქციაზე, როლზე, სარგებლიანობასა და საჭიროებაზე, დღეს შექმნილი ვითარება კი ქმნის იმის უდიდეს საფრთხეს, რომ სახელმწიფოდ კი არა, უბრალოდ გეოგრაფიად ვიქცეთ, რომელსაც მხოლოდ ნომინალურად ექნება დროშა, გერბი და ჰიმნი. სამწუხაროდ, საქართველოს ემუქრება იქცეს კონკრეტული და საეჭვო ინტერესების გამტარ გეოგრაფიულ სივრცედ, რომელსაც ვერაფერი ექნება საერთო არათუ სახელმწიფოსთან, არამედ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანასთანაც კი. შეიძლება ძალიან დრამატულად ჩანს ჩემი ნათქვამი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკის უკიდურესი შედეგი ასეთი იქნება”, - დასძენს ყიფიანი
სიახლეები
- 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
- არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს