"ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე "
ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას „გაურბიან“ სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი.
„ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი", - განაცხადა პრემიერმა.
ასევე, კობახიძემ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები.
მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.
„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა სოციალურ ქსელში აქტივობებთან და ინფლუენსერებთან დაკავშირებითაც, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური შინაარსის "პოდკასტისთვის" უცხოური დაფინანსება არ უნდა მიიღონ.
კობახიძემ განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს ყველაფერს „ზუსტად და ზედმიწევნით“. პრემიერის მტკიცებით, თუ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტი“ვრცელდება და მათ შორის მისი რეკლამირება ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის „თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა“.
„პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის საქმე“, - განაცხად პრემიერმა და დასძინა:
"მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება - დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი", - აღნიშნა კობახიძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
- "ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
- "ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"
- "ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში"- მიხეილ სააკაშვილი
- ახალი წესები ახალი ერთობისათვის - რა ჩაიწერება ოპოზიციის გამაერთიანებელ დოკუმენტში